Accessibility links

site logo site logo

ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია


თანამედროვე მსოფლიო ძალოსნობის ლიდერმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადაზე მოგებულ ოქროს მედალს დღეს ტოკიო-2020-ის ოქრო მიამატა.

პირველი მოძრაობა - ატაცი - ლაშა ტალახაძემ 208-კილოგრამიანი შტანგის აწევით დაიწყო, შემდეგ კი 215 და 223 კილოგრამებიც აიტაცა და მესამე ცდაზე ნაჩვენები შედეგით გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი, რომელიც თავადვე ჰქონდა დამყარებული ოთხი თვის წინ. ტოკიო-2020-ზე ქართული დელეგაციის მედროშემ ატაცში უახლოეს მდევარს - ირანელ ალი დავუდის - 23 კილოგრამით გაუსწრო.

აკვრა 27 წლის ქართველმა ძალოსანმა 245 კილოგრამით დაიწყო და პირველივე ცდით გაინაღდა მეორე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. მეორე ცდაზე 255 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო მესამეზე - 265 და აკვრისა და ორჭიდის მსოფლიოს რეკორდებიც დაამყარა.

ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 488 კილოგრამი მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ალი დავუდის აჯობა 47 კილოგრამით.

ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ტოკიო-2020-ის დასრულებამდე სამი დღით ადრე საქართველოს ანგარიშზე შვიდი მედალია: ლაშა ტალახაძისა და ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ოქროები, ასევე ძიუდოისტების - ვაჟა მარგველაშვილის, ლაშა შავდათუაშვილისა და გურამ თუშიშვილის - და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას ვერცხლები და ძალოსან ანტონ პლესნოის ბრინჯაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG