თუშეთის გზაზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი და ერთიც დაშავდა. დაშავებული გერმანელი ტურისტი ქალია. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
კლინიკის ხელმძღვანელის ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, ამ წუთებში მიმდინარეობს გამოკვლევები იმის დასადგენად, რა სახის დაზიანებები აღენიშნება დაშავებულს.
რაც შეეხება გარდაცვლილს, ის სოფელ ალვანში მცხოვრები 66 წლის კაცია და ავტომობილის მართავდა. პირველადი ინფორმაციით, მას გერმანელი ტურისტი თუშეთიდან მოჰყავდა.
ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, ჯიპის ტიპის ავტომობილი ფშაველი-აბანო-ომალოს 35-ე კილომეტრზე დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
ალვანიდან ომალომდე მიმავალი საავტომობილო გზის ნაწილი კლდეებსა და მთებზე გადის და ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ეს გზა ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ გზად არის მოხსენებული 2013 წელს BBC-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში "მსოფლიოს ყველაზე საშიში გზები".