Accessibility links

site logo site logo

გენო პეტრიაშვილი ტოკიო-2020-ზე ნახევარფინალში გავიდა


გენო პეტრიაშვილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ გენო პეტრიაშვილს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტულს ორი შეხვედრის მოგება აშორებს. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 27 წლის ქართველმა ტოკიო-2020-ზე დილის პროგრამა წაუგებლად გაიარა და ნახევარფინალში გავიდა.

მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონმა პეტრიაშვილმა პირველ წრეში ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალები ოთხწუთ-ნახევარში დაამარცხა - 11:0, მეოთხედფინალში კი ჩინელ ჟივეი დენგს აჯობა შედარებით მოკრძალებული ანგარიშით - 5:2.

ფინალის საგზურის მოსაპოვებლად გენო პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰუსეინ ზარეს დაუპირისპირდება, მეორე ნახევარფინალში კი იჭიდავებენ მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური და ამერიკელი დან გეიბლ სტევსონი, რომელმაც მეოთხედფინალში მოახდინა დღის უმთავრესი სენსაცია - ანგარიშით 8:0 დაამარცხა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული.

დღესვე საქართველოს სახელით ოლიმპიურ კონკურენციაში ჩაება 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე. პირველსავე წრეში წააგო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იტალიელთან, ფრანკ ჩამიზოსთან, და ძირითად ბადეში გამოსვლაც უმალ დაასრულა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი კენჭაძეს იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ ჩამიზო ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრების წევრ მაგამედხაბიბ კაზიმაგამედაუს დაამარცხებს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG