Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კუპრაძე: „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არჩევანი არჩევანი არ არის


ირაკლი კუპრაძე, "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი
ირაკლი კუპრაძე, "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ოპოზიციის მიზანი თვითმმართველობის არჩევნებში არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტი ვერ მოიპოვოს. მისი შეფასებით, ამ მიზნის გარშემო ოპოზიციის ერთიანობა მნიშვნელოვანია, თუმცა თავად მიზნის მიღწევის სტრატეგიები განსხვავებულია. „რიგი პოლიტიკური პარტიები თვლიან, რომ ტოტალური გაერთიანება არის მნიშვნელოვანი, მე ასე არ ვთვლი“, - აღნიშნა მან გადაცემაში. ირაკლი კუპრაძემ კერძოდ განაცხადა, რომ პარტიებმა ამომრჩეველს მრავალფეროვნება უნდა შესთავაზონ და მისი არჩევანის თავისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყონ:

„ჩემთვის, როგორც რიგითი ამომრჩევლისთვის, რომ გამიყვანოთ საერთოდ აქტიური პოლიტიკური სივრციდან, "ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არჩევანი არჩევანი არ არის. მათ შორის უბრალოდ სტატისტიკას უნდა გადავხედოთ, არჩევნების სტატისტიკას. თუნდაც თბილისში, დაახლოებით ყველა არჩევნებზე, 20-დან 30 პროცენტამდე ამომრჩევლისა არ აძლევს ხმას არც „ქართულ ოცნებას“ და არც“ ნაციონალურ მოძრაობას“. ყველა კვლევაში, სოციოლოგიურ კვლევაში რაღაც ნაწილი ამბობს, რომ არასდროს ხმას არ მისცემს „ქართულ ოცნებას“, რაღაც ნაწილი ამბობს, რომ არასდროს არ მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“. რატომ უნდა დავუკარგოთ ამ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს შანსი, რომ საკუთარი პრეფერენციების მიხედვით ხმა მისცენ და მხარი დაუჭირონ საკუთარ კანდიდატებს?!“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. მისი განმარტებით, ეს შეეხება არჩევნების პროპორციულ ნაწილს, რომელშიც განსხვავებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განსხვავებული დისკურსი უნდა გააჩინონ. რაც შეეხება კოორდინაციას, ირაკლი კუპრაძის თანახმად, მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარების საკითხში „ლელო“ სრულ კოორდინაციას უჭერს მხარს:

„ამ მხრივ კოორდინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ეს გავლენას არ ახდენს პროპორციულ ნაწილზე და იძლევა შესაძლებლობას, რომ უმრავლესობა წამოღებულ იქნას ოპოზიციისკენ. ცალკეულად ვერც ერთ ოპოზიციურ პარტიას ვერ ექნება შესაძლებლობა დააკომპლექტოს ადგილობრივი მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება რაიონიდან დაწყებული, დამთავრებული დიდი ქალაქებით და მუნიციპალიტეტები ისწავლიან კოალიციურ მუშაობას, სადაც იქნება კონკურენცია, სადაც იქნება ურთიერთკონტროლი, ბალანსის პოლიტიკა და შეუძლებელი გახდება რეალურად იმ ტიპის დანაშაულებების, კორუფციული სქემების ამოქმედება, რაც როგორც წინა ხელისუფლების დროს, ახლაც აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ „დილის საუბრებში“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG