Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილსერვისის“ თანამშრომლები აქციის გაგრძელებას 7 აგვისტოსაც გეგმავენ


თბილისში, ბელიაშვილის გამზირზე „თბილსერვისის“ ოფისთან ახლაც იმყოფებიან გაფიცული დასუფთავების თანამშრომლები. ისინი მოითხოვენ ხელფასის გაზრდას (ახლა მათი ანაზღაურება 745-760 ლარია), სამუშაო გრაფიკის შეცვლას და გამართულ ავტომობილებსა და ტექნიკას.

აქციის მონაწილე ილია ხოკენაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სამუშაოდ გასვლას არ აპირებენ. მისი თქმით, საჩვენებლად „თბილსერვისმა“ 2-4 ავტომანქანა გაუშვა სამუშაოდ, თითქოს გაფიცვა შეწყდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება „თბილსერვისის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას, როგორც ხოკენაშვილმა გვითხრა, სამუშაო განრიგის შეცვლას დათანხმდნენ, თუმცა ხელფასის მომატებას იანვრიდან დაჰპირდნენ. „ჩვენ არ გვჯერა დაპირებების. ახლა გვინდა ხელფასის მომატება. მეც ხო მინდა თავი ვიგრძნო ადამიანურად, შვილიშვილები მყავს“, - ამბობს ილია ხოკენაშვილი. მისი თქმით, აქცია 7 აგვისტოსაც გაგრძელდება და მათ შეუერთდებიან მეეზოვე ქალები.

დასუფთავების თანამშრომლების გაფიცვის გამო თბილისში ნაგვის ურნები გადავსებულია.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ „თბილსერვისის“ ადმინისტრაცია ამ საკითხებზე მუდმივად მუშაობს და კონკრეტული შედეგები უკვე არის, „მაინც მოხდა გაფიცვის პროვოცირება“. მისი შეფასებით, ეს არის უკანონო გაფიცვა.

XS
SM
MD
LG