Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა წყალს ითხოვს


7 აგვისტოს, ახალქალაქის მერიასთან, სოფელ ტურცხის მკვიდრთა საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე ათეული ადამიანი სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების გარდა, საბიუჯეტო ხარჯის შესწავლის მოთხოვნითაც გამოვიდა.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების უყურადღებობის გამო, წყლის ნაკლებობის მიზეზით, რამდენიმე დღის წინ წყალსაცავში დიდი რაოდენობით თევზი დაიხოცა და ეს ფაქტი ცუდად აისახება მათ შემოსავალზეც.

„ტურცხში არც სასმელი წყალი გვაქვს და არც სარწყავი. ბიუჯეტიდან ფული იხარჯება და ჩვენთან არაფერი კეთდება. მოვითხოვთ ჩატარდეს კვლევა, რომ გაირკვეს, სად გაქრა ბიუჯეტის ფული, რომელიც სოფელში წყლის პრობლემის მოგვარებას უნდა მოხმარებოდა", - ამბობს აქციის მონაწილე, გაგიკ ალბერტიანი.

„მოსახლეობამ იცის, რომ ზაფხულში დებეტი ნაკლებიაო, გრაფიკიც შეგვიდგინეს და შეგვპირდნენ, რომ 7 აგვისტოდან წყალი გექნებათო. დღეს ისევ უწყლოდ დავრჩით. ან გააკონტროლონ გრაფიკით მიწოდება, ან სხვა გზით მოაგვარონ პრობლემა", - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, სტეფანე ლაზარიანი.

შეხვედრა ახალქალაქის მერიაში
შეხვედრა ახალქალაქის მერიაში

აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი და მელიორაციის სამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოიკვლევენ და შეისწავლიან შექმნილ ვითარებას, ასევე იმ ფაქტს, რატომ დარჩა ამ დრომდე სოფელი ტურცხი უწყლოდ.

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად უკვე დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში.

სამველ მანუკიანი ამბობს, რომ „შესაკეთებელია როგორც წყალშემკრები აუზი, ასევე არხები, რადგან ორივე დაზიანებულია და წყლის გარკვეული მარაგი იკარგება“.

მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ არ ჰყოფნის წყლის დებეტი სოფელს, თუმცა „მოსახლეობაც არ უფრთხილდება, როდესაც სასმელ წყალს სარწყავად იყენებს და ასეთ დროს ორივე მათგანის პრობლემა იქმნება".

მანუკიანის თქმით, წყალსაცავში თევზების დახოცვაც წყლის სიმცირემ გამოიწვია და იმედოვნებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად თანხის მოძიებას დროულად შეძლებენ.

თავდაპირველად, ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეებთან შეხვედრა მედიის წარმომადგენლების გარეშე სურდათ, რასაც მოსახლეობა არ დაეთანხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG