Accessibility links

site logo site logo

ლეღვის ნახარშით კიდევ ორი ბავშვი დაიწვა


ზუგდიდიდან თბილისში ლეღვის ნახარშით დამწვარი ორი ბავშვი გადმოიყვანეს. 12 და 15 წლის დები ამჟამად ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებულები.

„ლეღვის ფოთლები მოხარშეს და წაისვეს. ახლა მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობენ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლეღვის ნახარში და რუჯი საერთოდ არაფერ შუაში არ არის ერთმანეთთან“, - ამბობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

მისივე თქმით, ამ სეზონზე ეს ლეღვის ნახარშით დაშავების მეორე შემთხვევაა.

„მანამდე მამაკაცმა, მეგობარი ქალის რჩევით, წაისვა ლეღვის ნახარში, ეგონა, სახსრებს მოურჩენდა. რა თქმა უნდა, არ მოურჩა“.

ლეღვის ნახარშით დამწვრობის ტენდენციას უკვე 10 წლის ისტორია აქვს. 2011 წელს დამწვრობის ცენტრში მიიყვანეს 15 წლის გოგონა, რომელიც ლეღვის ნახარშით იყო დამწვარი. ეს იყო პირველი ფაქტი. მასმედიით ამ ფაქტის გაშუქების შემდეგ რუჯის მისაღებად ლეღვის ნახარშის გამოყენება სხვებმაც დაიწყეს, მაგრამ რადგანაც ამ მეთოდით გარუჯვა უბრალოდ შეუძლებელია, ათი წლის განმავლობაში დამწვრობის ცენტრში 80-მდე ადამიანი მოხვდა.

როგორც წესი, ლეღვის ნახარშს ტანსა და სახეზე ისვამენ, შესაბამისად, მთელ სხეულზე პირველი ან მეორე ხარისხის დამწვრობა ვითარდება. ავადმყოფს სძვრება კანი, უწევს ტემპერატურა, რასაც თან ძილიანობა, გულისრევა და ტკივილი ახლავს. მკურნალობა 1-2 კვირა გრძელდება, თუ მდგომარეობა გართულდა, პაციენტი შეიძლება რეანიმაციულ განყოფილებაშიც კი მოხვდეს. იშვიათი შემთხვევის გარდა, ამ სახის დამწვრობა მკურნალობის შემდეგ კვალს არ ტოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG