Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავებს გაუხსნიან


დავით ოქიტაშვილი
დავით ოქიტაშვილი

ააიპ „საქართველოს კულტურის პალატასთან“ არსებული კომისიის გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს გენო პეტრიაშვილს მათი სახელობის ვარსკვლავებს გაუხსნიან.

„საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბექაურის ვარსკვლავი გაიხსნება თელავში, პეტრიაშვილის - გორში.

როგორც ოქიტაშვილი განმარტავს, გადაწყვეტილება მიიღო პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა კომისიამ. „ჩვენ გვყავს კომისიები დარგების მიხედვით", - აღნიშნა მან. „საქართველოს კულტურის პალატამ“ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა გორის მერიას და თელავის კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელობას. მუნიციპალიტეტები გამოყოფენ ადგილებს, სადაც უნდა გაიხსნას ვარსკვლავები.

კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საჩხერეში უკვე აქვს ვარსკვლავი და, შესაბამისად, მისი სახელობითი ვარსკვლავის გახსნის საკითხი არ განხილულა.

რაც შეეხება გენო პეტრიაშვილს, ოქიტაშვილი ამბობს: „პეტრიაშვილის შესახებ კომისიამ იმსჯელა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოქროს კი არა, ყველაფრის ღირსია, რაც ოკუპანტებმა მას გაუკეთეს. მას მწვრთნელიც დაეღუპა და ა.შ. ეს იყო გამონაკლისი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იმიტომ, რომ ერთ წამში მისი ცხოვრება სხვანაირად შეიცვალა. ჩვენ გვინდა, მას ვუთხრათ, რომ ქართველ ხალხს ის უყვარს“.

ვარსკვლავების გახსნისთვის ყველანაირ ხარჯს გაიღებს „საქართველოს კულტურის პალატა“. „ბიუჯეტიდან არ იქნება დაფინანსება. ჩვენ გვყავს სპონსორები, რომლებიც ამ ღონისძიებას დააფინანსებენ“, - გვითხრა დავით ოქიტაშვილმა.

ვარსკვლავების გახსნა სექტემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლაშა ბექაურმა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულამდე სულ ცოტა დააკლდა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი ქართველი საჩემპიონო ბრძოლაში ბოლო წამზე დამარცხდა ამერიკელ დან გეიბლ სტევსონთან ანგარიშით 8:9 და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა ძალოსანი ლაშა ტალახაძე. ოლიმპიურ თამაშებზე ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 488 კილოგრამი მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ალი დავუდის აჯობა 47 კილოგრამით.

XS
SM
MD
LG