Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის ინსპექცია აცხადებს, რომ აკრძალულ შეკრებებზე ზედამხედველობას აძლიერებს


შრომის ინსპექციის სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ აძლიერებს კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების აღსრულების ზედამხედველობას. მაკონტროლებელი უწყების ინფორმაციით, ინსპექტორთა ჯგუფები შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონულ ცენტრში უზრუნველყოფენ სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით:

„სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრება. დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება“.

შრომის ინსპექციის სამსახური გამარტავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციების მიხედვით, აკრძალულია სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები.

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ 9 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, დღეიდან, 10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულოა ყველა ღია სივრცეში, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება. წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია.

კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების და კვების ობიექტების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში 00:00-დან 05:00 საათამდე. ისევ აკრძალულია ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა მსგავსი ღონისძიებები. საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, წესის დარღვევით მასპინძლობისთვის კვების ობიექტებსა და სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე ეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარი, მეორედ მსგავსი ქმედების შემთხვევაში კი, ობიექტები დაილუქება.

საქართველოში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია. ტენდენცია ივლისიდან დაიწყო, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან კი, საქართველოში თითქმის ყოველდღე ფიქსირდება კორონავირუსის 3000-დან 4000-ზე მეტი შემთხვევა და 40-მდე ლეტალური შედეგი. ეპიდისტუაციის გაუარესების მიუხედავად, უკონტროლოდ ტარდება ხალხლმრავალი ქორწილები და სხვა მსგავსი შეკრებები. მაგალითად, ბათუმში ე.წ. "ქორწილების კლასტერებიც" გაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG