Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელი ყატარში თალიბების წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩადის


აშშ-ის სპეცწარგზავნილი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი, 10 აგვისტოს ჩადის ყატარში თალიბებთან მოსალაპარაკებლად, რათა აიძულოს დაჯგუფება, შეწყვიტოს მასშტაბური შეტევითი ოპერაცია, რომლის შედეგად ექსტრემისტებმა წინა კვირაში ავღანეთის რამდენიმე პროვინციის დედაქალაქი დაიკავეს.

„ხალილზადი თალიბებზე მოახდენს ზეწოლას, რათა შეწყვიტონ შეტევა და გამართონ მოლაპარაკება პოლიტიკური მოწესრიგების შესახებ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 9 აგვისტოს განცხადებაში.

ორშაბათს თალიბებმა დაიპყრეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე კიდევ ერთი, სამანგანის პროვინციის დედაქალაქი, აიბაკი. მანამდე ესტრემისტებმა ხელში ჩაიგდეს სამი პროვინციის დედაქალაქი, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ყუნდუზი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

ავღანეთში ბრძოლები 1 მაისის შემდეგ გამწვავდა, როცა აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა ოფიციალურად დაიწყეს იქიდან თავიანთი ჯარების გაყვანა. ჯარების გაყვანის პროცესი სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

გუშინდელი წარმატებების შემდეგ, ამჟამად თალიბანი სრულად ან თითქმის სრულად აკონტროლებს ხუთი პროვინციის დედაქალაქებს. 6 აგვისტოს მათ ხელში ჩაიგდეს სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია ნიმროზის დედაქალაქი ზარანჯი და ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია ჯოვზანის დედაქალაქი შებერღანი.

XS
SM
MD
LG