Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ ანტიდასავლურად განწყობილი დიპლომატი დაასახელა საგარეო საქმეთა მინისტრად


ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი
ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი

ირანის ახალმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ, ანტიდასავლურად განწყობილი დიპლომატი დაასახელა საგარეო საქმეთა მინისტრად 11 აგვისტოს, როცა მკაცრი კურსის მომხრეთა კაბინეტი წარმოადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება.

რაისიმ პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვალა ზომიერი კურსის მომხრე ჰასან როჰანი, როცა ივნისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ მის წამყვან მეტოქეებს, მათ შორის ზომიერ და რეფორმატორ პოლიტიკოსებს.

ახალმა პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კარიერის დიპლომატი, მკაცრი კურსის მომხრე ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დაასახელა მაშინ, როცა თეირანი და ვაშინგტონი ცდილობენ, სული შთაბერონ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას.

56 წლის ამირ-აბდოლაჰიანი არაბული ქვეყნებისა და აფრიკის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო პოპულისტი და მკაცრი კურსის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის მთავრობაში. მიიჩნევა, რომ ამირ-აბდოლაჰიანს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, ლიბანის გავლენიან მოძრაობა ჰიზბოლასთან და ირანის სხვა მოკავშირეებთან ახლო აღმოსავლეთში.

XS
SM
MD
LG