Accessibility links

site logo site logo

თბილისში ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ევაკუაცია მიმდინარეობს


12 აგვისტოს თბილისში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან ჩამოიშალა ფერდის ნაწილი. მცხოვრებლები იძულებულები გახდნენ, ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაეტოვებინათ. ადგილზე მობილიზებულია ავტობუსები. მოსახლეობა გადაჰყავთ სასტუმროებში.

„უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე პირველ რიგში საჭიროა ხალხის ევაკუაცია. ექსპერტები ადგილზე არიან და დაუყოვნებლივ დავიწყებთ გამომწვევი მიზეზების გარკვევას", - თქვა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა, რომელიც ადგილზე იმყოფება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „შემთხვევის შედეგად, რომლის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა, არავინ დაშავებულა".

როგორც მერია აღნიშნავს, დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც, საექსპერტო დასკვნა მომზადდება. დოკუმენტის საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ფერდის ნაწილის ჩამოშლის ვიდეო გაავრცელა „ფეისბუკის" გვერდმა „ჩემი ქალაქი მკლავს".

ლორთქიფანიძის ქუჩაზე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების გარდა იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG