Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი საარჩევნო ბარიერი სჭირდება დღეს საქართველოს 


ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი

ავტორი: ლევან იოსელიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მომდევნო არჩევნები, ქვეყნის საარჩევნო გამოცდილების გათვალისწინებით, ისტორიული იქნება. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პარლამენტის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.

საქართველოს მუდმივად ცვალებად საარჩევნო კანონმდებლობაში, შერეული საარჩევნო სისტემა უცვლელი კომპონენტი იყო. საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც, სწორედ შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა.

სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საარჩევნო ბარიერი. არსებული პოლიტიკური ვითარების და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, 2021 წლის 29 ივნისს საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ცვლილებები უნდა შევიდეს 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციურ კანონში და საქართველოს პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნებისათვის საარჩევნო ბარიერად განისაზღვროს 2%-იანი ზღვარი.

საინტერესოა, რომ საარჩევნო ბარიერი პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, დასავლეთ გერმანიაში შემოიღეს, იმ მიზნით, რომ რადიკალური ჯგუფები არ დაბრუნებოდნენ გერმანულ პოლიტიკას. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში, კვლავ არსებობდა საფრთხე, რომ ნაცისტური იდეოლოგიის პარტია მოახერხებდა რეაბილიტაციას. გერმანიაში, საარჩევნო ბარიერის დაწესების ძირითადი მიზეზი ექსტრემისტული და სხვა რადიკალური დაჯგუფებების არჩევის შეზღუდვა იყო.

დღეს, ხელოვნური ბარიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2%-დან 10%-მდე მერყეობს. ყველაზე მაღალი, 10%-იანი საარჩევნო ბარიერი დაწესებულია თურქეთში. ევროპის მასშტაბით, საარჩევნო ბარიერის ზღვარი ბუნებრივიდან - 5%-მდე მერყეობს. გერმანიაში, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შემოიღო საარჩევნო ბარიერი, 5-პროცენტიანი ბარიერია დადგენილი. ნიდერლანდებში 0,67%, ისრაელში კი 1%-დან 4%-მდე გაიზარდა. პოსტსოციალისტურ ქვეყნებში კი ბარიერი, როგორც წესი, 3-დან 5 პროცენტამდე მერყეობს.

არ არსებობს რეკომენდაცია, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავდა ბარიერის საერთო დონეს ყველა ქვეყნისათვის. როგორც ვენეციის კომისია, ასევე ევროპის საბჭო საკუთარ რეკომენდაციებსა და რეზოლუციებში, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საარჩევნო ბარიერის ზღვრის დადგენა, დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკასა და პოლიტიკურ კონტექსტზე.

პრაქტიკული გამოცდილება ცხადყოფს, რომ მაღალი ბარიერი მცირე პარტიების დისკრიმინაციას იწვევს და ხშირად სწორედ ესაა მისი დაწესების მიზანიც. მაღალი ბარიერი არაპროპორციულობას ზრდის, ვინაიდან იკარგება იმ პარტიების მხარდამჭერთა ხმები, რომლებიც სხვა შემთხვევაში მანდატების მოპოვებას შეძლებდნენ. მაგალითად, 2002 წლის არჩევნებზე თურქეთში, სადაც 18-დან 16-მა პარტიამ ვერ შეძლო 10%-იანი ბარიერის გადალახვა, ხმათა 46% დაიკარგა.

პროპორციული საარჩევნო სისტემაც, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით სამართლიანად მიიჩნევა, მაღალი საარჩევნო ბარიერის პირობებში ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების სამართლიან წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. მაგალითად, 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციულად, 5%-იანი ბარიერის პირობებში რომ ჩატარებულიყო, საპარლამენტო მანდატებს მხოლოდ ორი პარტია - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებდა და გაუნაწილებელი მანდატებიც ამ ორ პარტიას შორის გადანაწილდებოდა.

მაღალი ალბათობით, თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ბარიერი არ დაიწევს, ანალოგიური ვითარება გამეორდება და ქართულ პოლიტიკურ ველზე ცვლილებების ნაცვლად კვლავ პოლარიზება და ორი პარტიის დომინაცია გაგრძელდება.

როგორც საერთაშორისო, ასევე უშუალოდ საქართველოს წარსული პოლიტიკური და საარჩევნო გამოცდილების გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული ბუნებრივი ბარიერის (0,67%) დაწესებაც, შესაძლოა, გარკვეულწილად გაუმართლებელი იყოს. ბუნებრივი ბარიერის შემოღების შემთხვევაში, პოლიტიკური ველის ფრაგმენტაციის რისკი ჩნდება.

ბუნებრივი ბარიერი მოქმედებს ფინეთსა და ნიდერლანდებში. ნიდერლანდებში, რომელიც სრული დემოკრატიის ქვეყანაა, ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც გაიმართა 2017 წელს, გარკვეული პრობლემები მაინც წარმოშვა. რამდენადაც არჩევნების შემდეგ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება, ხოლო ბუნებრივი ბარიერი (0,67%) 13-მა პარტიამ გადალახა, საჭირო გახდა პარტიებს შორის შეთანხმება და თანამშრომლობა, მთავრობის ფორმირებისათვის. ეს პროცესი კი რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწელა. საქართველოში მსგავსი ვითარების შექმნისას რთული წარმოსადგენია, რამდენად შეძლებს ქვეყნის განვითარებადი დემოკრატია, გაუმკლავდეს ამ გამოწვევას და ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილურობა.

ბუნებრივი ბარიერის პირობებში, გაცილებით მაღალია რისკი, გარდა ჯანსაღი ოპოზიციისა, საპარლამენტო მანდატები მოიპოვონ პრორუსული ორიენტაციისა და სხვა სახის დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმაც, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოებრივ ინტერესებს, უგულებელყოფენ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, აქტიურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოირჩევიან შეუწყნარებლობით ეთნიკური უმცირესობების მიმართ.

ზემოაღნიშნული მსჯელობა ცხადყოფს, რომ პარლამენტში პლურალისტური გარემოსა და ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებისათვის, მნიშვნელოვანია ისეთი ბარიერის დადგენა, რომელიც გზას არ ჩაუკეტავს პარტიებს პარლამენტისკენ. შედეგად მივიღებთ პარლამენტს, სადაც სამართლიანობის პრინციპის დაცვით, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და მკაფიოდ გაჟღერდება საზოგადების ყველა სოციალური ჯგუფის ხმა. ეს ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილ პარტიებს, მოძებნონ გზები თანამშრომლობისთვის და თავიანთი დღის წესრიგი მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული გახადონ. საბოლოოდ კი, ხელს შეეწყობა უფრო ეფექტიანი საკანონმდებლო ორგანოს შექმნას.

დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც სრულად პროპორციული სისტემით უნდა ავირჩიოთ მომავალი პარლამენტი, შესაძლოა, ამ ეტაპზე სწორედ 2% იყოს ის გონივრული ბარიერი, რომლის შემოღების შემთხვევაში, ერთი მხრივ, ბოლო მოეღება საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში ორიოდე პარტიის დომინირებასა და პოლარიზაციას და, მეორე მხრივ, დაზღვეული ვიქნებით პოლიტიკური ველის ფრაგმენტაციისგან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG