Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოწესრიგებული“ დოკუმენტაცია, ჩამოშლილი ფერდობი და ევაკუაცია სახლიდან


12 აგვისტოს საღამოს ჟიანი და რიჩარდი საკუთარ სახლში ვახშმობდნენ, როცა უეცრად საშინელი ხმაური გაიგეს. ჟიანი აივანზე გავარდა და დაინახა, როგორ ჩამოიშალა ფერდი მისი კორპუსის ქვეშ, სადაც რამდენიმე თვეა, ახალი კორპუსი შენდება.

„2 წელია აქ ვცხოვრობთ. ყოველდღე ვუყურებდით, როგორ უახლოვდებოდნენ ჩვენს კორპუსს“, - ეუბნება ჟიანი რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ მეზობლებმა თბილისის მერიას არაერთხელ შეატყობინეს პრობლემის შესახებ.

ჟიანმა და რიჩარდმა უკანასკნელი ნივთები გამოიტანეს საკუთარი სახლიდან.
ჟიანმა და რიჩარდმა უკანასკნელი ნივთები გამოიტანეს საკუთარი სახლიდან.

შემთხვევამ საფრთხე შეუქმნა 10-სართულიან კორპუსს და იქ მცხოვრებ 90-მდე ოჯახს.

„დღეში სამჯერ ვურეკავდით“

ლორთქიფანიძის 10-ში მდებარე კორპუსის მეზობლად, რამდენიმე მეტრში ახალი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა 2021 წელს გაიცა და მალევე დაიწყო. ადგილობრივების თქმით, მშენებელი „უზარმაზარი კოდალებითა“ და ბულდოზერებით ანგრევდა ფერდს. კორპუსი კი ყოველ ჯერზე ზანზარებდა.

10 წლის წინ აშენებულ კორპუსსა და ახლა მიმდინარე მშენებლობას შორის დაშორება დაახლოებით 2 მეტრია.

ადგილობრივების თქმით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არაერთხელ მიმართეს და აუხსნეს, რომ მშენებლობის ირგვლივ მდებარე კორპუსებში ბიძგებს გრძნობდნენ.

„ალბათ დღეში სამჯერ შედიოდა ზარი მერიის ზედამხედველობის სამსახურთან. ძალიან ღიზიანდებოდნენ და ყოველ ჯერზე გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში აქვთ [მშენებელს] და არანაირი საშიშროება არ არის“, - ამბობს თამარ ნასყიდაშვილი და განაგრძობს: „მოწესრიგებული დოკუმენტაციის პირობებში გვაქვს ეს შედეგი“.

თამარ ნასყიდაშვილი
თამარ ნასყიდაშვილი

ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს, რომ მოსახლეობა სისტემატურად მიმართავდა მუნიციპალურ ინსპექციას. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, მშენებლობის ნებართვა გაიცა დეტალური გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე.

მისივე მტკიცებით, ინსპექცია მიმდინარე მშენებლობას ამოწმებდა.

„ამ კონკრეტულ ობიექტზე იყო გარკვეული სახის დარღვევები, მოხდა ამ მშენებლობის შეჩერება, მოეთხოვა ამ კომპანიას ამ ფერდის გამაგრებითი პროექტის წარმოდგენა და ამ პროექტის მიხედვით ჯერ ფერდის გამაგრება, ხოლო შემდგომ დანარჩენი სამუშაოების გაგრძელება. თუმცა ამ კომპანიის მხრიდან არასწორი და არათანმიმდევრული სამუშაოების ჩატარების შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ”, - განაცხადა მერის მოადგილემ.

კორპუსი აღარ აშენდება!

მერიაში აცხადებენ, რომ პირველადი მოკვლევით, ფერდის ჩამოშლა განპირობებულია მშენებლობის პროცესის არასწორი და არათანმიმდევრული მართვით.

კორპუსი აღარ აშენდება, მშენებელი კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა.

„დედაქალაქის მერია არ შეეგუება არცერთი მშენებელი კომპანიის მიერ არასწორად და არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს. აღნიშნული საკითხი შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებში გადაიგზავნება“, - თქვა ირაკლი ბენდელიანმა და სრული პასუხისმგებლობა დააკისრა მხოლოდ კომპანიას.

რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო მშენებელთან დაკავშირება.

ადგილობრივებს კითხვები აქვთ მათი ქონების, პირველ რიგში, ვარგისიანობასთან, შემდეგ კი ღირებულებასთან დაკავშირებით.

მერის მოადგილის მტკიცებით, მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება კომპანიის პასუხისმგებლობაა.

„სანდოობა არის ძალიან დაბალი“

ახლა მთელი კორპუსი ევაკუირებულია. სამეზობლო ელოდება შესაბამის ექსპერტიზას, რომლის საფუძველზეც გადაწყდება, რამდენად უსაფრთხოა მათ სახლებში დაბრუნება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტი.

კორპუსის ზოგიერთი მცხოვრები ამბობს, რომ სახლში შესაძლოა აღარ დაბრუნდეს. მათთვის არაა სანდო მერიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა, რადგან მერიაში მანამდეც ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

„ალბათ რთული იქნება, რომ მერიამ დაგვარწმუნოს, რომ ამ კორპუსში ცხოვრება უსაფრთხოა“, - ამბობს თამარ ნასყიდაშვილი და ამატებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას.

მერის მოადგილის მტკიცებით, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც, ფერდის და, საჭიროების შემთხვევაში, მის მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებაა.

როდის დაბრუნდება სახლში 90-მდე ოჯახი, უცნობია. მანამდე მათ სასტუმროებში ცხოვრებას მუნიციპალიტეტი აანაზღაურებს გადასახადების გადამხდელების ფულით, „სანამ ამის საჭიროება იქნება“.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG