სურამში მცხოვრები 101 წლის ელენე ასანიძე, რომელიც „გორმედის“ ქსელის გორის კოვიდკლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს, გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს.
„პაციენტი შემოვიდა კლინიკაში ფილტვის ქსოვილის დაზიანების მაღალი ხარისხით, უგონო მდგომარეობაში, იმყოფებოდა რესპირატორულ მხარდაჭერაზე, მთელი რიგი ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, ამჟამად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ოქსიგენაციით და ტოვებს კლინიკას“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტატო ქაჯაიამ.
საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარებული 50 937 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5359 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 471 685 შემთხვევა. მათგან 415 146 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6321 ადამიანი.