Accessibility links

site logo site logo

პრემიერი: ბატონი ბიძინას პოლიტიკის შედეგად 8 წელში 2 მლრდ-ზე მეტია ინვესტირებული სოფლის მეურნეობაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წელს საქართველოდან ექსპორტირებულია დაახლოებით 24 000 ტონა ატამი, რის შედეგადაც დაახლოებით 80 მლნ ლარი შემოვიდა ქვეყანაში შემოსავლის სახით. ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობაში მიღწეულ წინსვლაზე გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენისას ილაპარაკა.

პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობაში მიღწეულ პროგრესს იმ პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს, რომელსაც მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ატარებდა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბოლო განცხადება 2021 წლის 21 იანვარს გააკეთა.

„2012 წლამდე, გურჯაანის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, ერთ კონკრეტული სოფელზე, ჩუმლაყზე რომ ვისაუბროთ, მოსახლეობას, გლეხებს, ფერმერებს, მშრომელ ხალხს მოჰყავდათ ატამი, მაგრამ შემდეგ, ამის რეალიზაცია, რა თქმა უნდა, უჭირდათ, იმიტომ, რომ არ იყო შექმნილი სამაცივრე მეურნეობები. შესაბამისად, ფასიც იყო ძალიან დაბალი, მაშინ ღირდა 30-40-50 თეთრი, კილოგრამი ატამი და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. მოსახლეობას არ ჰქონდა მოტივაცია, რომ აღნიშნული საქმიანობა გაეგრძელებინა.

ჩვენი მთავრობის დროს, და ეს პოლიტიკა, ინიციატივები დაიწყო პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ მისი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ სოფლის მეურნეობაში, ბოლო 8 წელიწადში, 2 მილიარდზე მეტი არის ინვესტირებული. შედეგად, სოფელ ჩუმლაყში შექმნილი არის 40 სამაცივრე მეურნეობა. წელს, უკვე ექსპორტირებული არის, დაახლოებით, 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით, 80 მლნ ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში და შემოსავლის სახით, ამხელა შემოსავალი მიიღო მოსახლეობამ. ეს ერთი კონკრეტული ფაქტი მოვიყვანე იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით, შეგვიძლია კონკრეტული შედეგის მიღწევა“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ასევე სოფლების წყალმომარაგების პროექტზე, რომელიც, დაახლოებით, 65 მლნ ლარი ჯდება.

„ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში იგივე გზების მშენებლობის, გაზიფიცირების, წყალმომარაგების მიმართულებით. გურჯაანს, ქალაქს უკვე აქვს 24-საათიანი წყალმომარაგება. ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ, გეგმაში გვაქვს, სოფლების წყალმომარაგების პროექტიც, რომელიც, დაახლოებით, 65 მლნ ლარი ჯდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და მე ამაზე ყოველთვის ვსაუბრობ.

საქართველოში, დაახლოებით, 3 000-ზე მეტ სოფელს არ მიეწოდება ხარისხიანი წყალი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სამუშაო, ეს უნდა იყოს, რომ ყველა სოფელს ჰქონდეს ხარისხიანი წყალი, გზა, გაზი და ყველა ეს პირობა შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას, რომ ადგილზე დამაგრდნენ, დასახლდნენ და შექმნან დამატებითი ღირებულებაც და სამუშაო ადგილები“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისაუბრა იმაზეც, რომ ბოლო წლებში ბევრი სკოლა აშენდა და რეაბილიტირდა და ეს პროცესი ევროპული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს.

„ბევრი გაკეთდა, იგივე, თუნდაც განათლების მიმართულებით, ძალიან ბევრი სკოლა აშენდა, 175 ახალი სკოლა აშენდა, დაახლოებით, 250-მდე - რეაბილიტირდა. ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოტივაცია.

რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ის, რაც გაკეთდა, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით, მეტი ენერგიით და მოტივაციით, მეტი საქმე უნდა ვაკეთოთ ერთად. ჩვენ ახლა გვჭირდება შრომა, შრომა და შრომა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, მთავრობის და ჩვენი მოსახლეობის. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ფერმერებს, მშრომელ ხალხს შევუქმნათ პირობები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG