Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქია კახეთში - მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები და ბოძები


ძლიერმა ქარმა საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ მთავარ საავტომობილო გზაზე, ლაგოდეხის მონაკვეთზე ხეები და გარე განათების ბოძები მოგლიჯა.

ამ წუთებში საავტომობილო მიმოსვლა პარალიზებულია. მოგლეჯილი ხეები გზაზე მიმავალ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. დაშავებულები არ არიან.

სტიქიის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და გზის გაწმენდას ცდილობენ.

ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფი და საპატრულო პოლიციაც. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროსადენებიც. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

საქართველო აზერბაიჯანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ რაჭის უბანთან 2019 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით ნაძვის ხე დაიწვა, თუმცა მას შემდეგ ტერიტორია ხმელი ხეებისგან არ გასუფთავებულა, შესაბამისად ყოველი წვიმისა და ქარის დროს ხეების ნაწილი იგლიჯება, საავტომობილო მიმოსვლას აფერხებს და მგზავრებსაც საფრთხეს უქმნის.

XS
SM
MD
LG