Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი გერდ მიულერი


გერდ მიულერი (მარცხნივ) 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში. ამ მატჩში მიულერმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა ნიდერლანდის ნაკრების კარში და გერმანელებმა 2:1 გაიმარჯვეს.
გერდ მიულერი (მარცხნივ) 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში. ამ მატჩში მიულერმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა ნიდერლანდის ნაკრების კარში და გერმანელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

გერმანიაში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანიის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გერდ მიულერი.

მიულერი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორის, რომელთა მიერ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობა აღემატება ნაკრებში ნათამაშებ მატჩებს. გფრ-ს ნაკრებში მან 62 მატჩში ითამაშა და 68 გოლი გაიტანა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მიულერი იყო მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი.

საკლუბო კარიერაში თავდამსხმელმა მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად სამჯერ მოიგო ევროპის მთავარი საფეხბურთო პრიზი - ჩემპიონთა თასი, შვიდჯერ იყო გფრ-ს ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი და ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით დღემდე რჩება რეკორდსმენად -მას 365 გოლი აქვს გატანილი.

1970 წელს გერდ მიულერმა მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი - „ოქროს ბურთი“. იმავე წელს, ასევე ორი წლის შემდეგ, ის გახდა „ოქროს ბუცის“ მფლობელი ევროპულ ჩემპიონატებში გატანილი ყველაზე მეტი გოლისთვის.

მიულერმა მოულოდნელად ადრე, 28 წლის ასაკში, შეწყვიტა თამაში და ეს ახსნა სურვილით, მეტი დრო დაეთმო ოჯახისთვის. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ის „ბაიერნში“ მუშაობდა მწვრთნელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG