Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა ვალია ვანიშვილის სახლის წინ არსებული საოკუპაციო ღობე განაახლეს


ვალია ვანიშვილის თქმით, გუშინ საოკუპაციო ძალებმა ადგილზე მიიტანეს მავთულები, კიბეები და ღობის განახლება დაიწყეს.
ვალია ვანიშვილის თქმით, გუშინ საოკუპაციო ძალებმა ადგილზე მიიტანეს მავთულები, კიბეები და ღობის განახლება დაიწყეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში 15 აგვისტოს გამოჩნდნენ და ვალია ვანიშვილის სახლის წინ არსებულ საოკუპაციო ღობეზე ახალი მავთულხლართები დაამატეს, განახლებული ღობე მათ რამდენიმე მეტრით აამაღლეს. ეს ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა.

მოძრაობის წევრები პერიოდულად სოფელ ხურვალეთში ჩადიან და საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მოხუცს პროდუქტებით ეხმარებიან. დღეს ჩასულებმა კი აღმოაჩინეს, რომ ღობე განახლებული და ამაღლებულია. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ხელი შეუშალონ სამოქალაქო აქტივისტებს, რომ ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩენილ ვალია ბებოს ვერ დაეხმარონ.

„თუმცა მათ 10-მეტრიანი კედელიც რომ ააშენონ, მოძრაობა მარტოხელა მოხუცის დახმარებას მაინც შეძლებს“, - განაცხადა ქაცარავამ. მასთან საუბრისას ვალია ვანიშვილმა აღნიშნა, რომ გუშინ საოკუპაციო ძალებმა ადგილზე მიიტანეს მავთულები, კიბეები და ღობის განახლება დაიწყეს.

ვალია ვანიშვილი დათა ვანიშვილის ცოლია. ოკუპაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. იგი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადებისათვის მედლით დააჯილდოვა. ვალია ვანიშვილმა, დათა ვანიშვილის დაკრძალვის დღეს თქვა, რომ ქმრის ანდერძს შეასრულებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ სახლს არ მიატოვებს.

88 წლის დათა ვანიშვილი, ფაქტობრივად, საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები საქართველოს ერთადერთი მოქალაქე იყო, ვისთანაც პირადი კომუნიკაცია ჰქონიათ დემოკრატიული ქვეყნების იმ ლიდერებს, ვინც საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ზოლთან მისულა. სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტის, ეუთოს, გაეროსა და სხვა მრავალი ორგანიზაციის თუ ქვეყნის წარმომადგენლები და დიპლომატები.

XS
SM
MD
LG