Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ითანამშრომლებენ სუს-ი და ბელარუსის КГБ?


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კრიტიკოსებს უწყების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

„ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება წარმოადგენს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს, რადგან შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს”, - ნათქვამია უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რაშია საქმე?

საუბარია სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის 2016 წლის 5 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ძალაში 2021 წლის 12 აგვისტოს შევიდა.

საბუთი ორი უწყების თანამშრომლობის ახალ ჩარჩოს ადგენს. იგი მოიცავს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთდახმარებას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა: სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ტერორიზმი და კიბერტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, კორუფცია, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება და სხვ.

თანამშრომლობა ასევე გულისხმობს მოთხოვნების შესრულებას და პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, ერთობლივი ღონისძიებების გამართვას, გამოცდილების გაზიარებას და ა.შ.

გარდა ამისა, დასაშვები ხდება უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენლების ან ატაშეების ერთმანეთთან გაგზავნა, კონკრეტული ან განუსაზღვრელი ვადით.

ბელარუსს ანალოგიური შეთანხმებები გაფორმებული აქვს სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის, უკრაინასთან.

შეთანხმება არ არეგულირებს ექსტრადიციის საკითხებს და საექსტრადიციო პროცედურებს. ამასთან, საბუთში აღნიშნულია, რომ ორივე მხარეს შეუძლია, უარი თქვას თანამშრომლობაზე, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა მოტივებით.

ამისდა მიუხედავად, ხელშეკრულების კრიტიკოსები შიშობენ, რომ ლუკაშენკას რეჟიმი გამოიყენებს მას პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს.

ვისთან გავაფორმეთ ხელშეკრულება?

2020 წლის 9 აგვისტოს, ოპოზიციური კანდიდატების დაპატიმრების ფონზე, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ოფიციალური შედეგების თანახმად, ალიაქსანდრ ლუკაშენკა მეექვსედ გაპრეზიდენტდა. თუმცა ოპოზიციამ და ასიათასობით ბელარუსმა ხელისუფლება ტოტალურ გაყალბებაში დაადანაშაულეს. მასშტაბურ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს რეჟიმმა ბრუტალური ძალადობითა და დაპატიმრებების სერიით უპასუხა. ოპოზიციური კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია ქვეყნიდან გაიქცა.

23 მაისს ოპოზიციონერი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დაპატიმრებით, ლუკაშენკამ მთელი ევროპა აალაპარაკა. ჟურნალისტი აქამდე არნახული ოპერაციის შედეგად დააკავეს, როდესაც იგი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავის ეკიპაჟმა მინსკიდან შეტყობინება მიიღო, ბორტზე შესაძლოა ბომბი იყოსო. მინსკის აეროპორტამდე თვითმფრინავი ავიაგამანადგურებელმა მიაცილა.

დაკავებიდან ცოტა ხანში, პრატასევიჩმა და მისმა მეგობარმა, სოფია შაპეგამ სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენებები მისცეს. ჟურნალისტი ამბობდა, რომ დასავლეთის დაფინანსებით, ქვეყანაში არეულობის მოწყობაში მონაწილეობდა. პრატასევიჩის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტს წამების კვალი ეტყობოდა.

პრატასევიჩის დაპატიმრების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა უარი თქვეს ბელარუსში ფრენებზე. საქართველო მათ არ შეუერთდა.

აგვისტოს მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყანაში დაპატიმრებების სერია გრძელდება. ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა მიზანში ამოიღო არა მხოლოდ ოპოზიციონერები და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები, არამედ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათი ნაწილი საქართველოში ჩამოვიდა.

სახიფათო ნაბიჯი?

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მსგავსი ტიპის სამართალდაცვითი თანამშრომლობა გააჩნია არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან და ნატოსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან”, - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დამაჯერებელი არგუმენტი აღმოჩნდეს მათთვის, ვინც ხელისუფლებას ამ შეთანხმებისთვის აკრიტიკებს. როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

14 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სახლმა” მოუწოდა ხელისუფლებას, არ აამოქმედოს ხელშეკრულება, რადგანაც იგი საფრთხეს უქმნის დევნილობაში მყოფ ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, ხელშეკრულება საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ეს საბუთი ნიშნავს ირიბ თანამშრომლობას სუს-სა და რუსეთის უშიშროებას შორის, რადგან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ბელარუსის უშიშროების კომიტეტზე უპრეცედენტოდ გაიზარდა რუსეთის უშიშროების გავლენა”.

შეთანხმებას გამოეხმაურა ევროპის პარლამენტის დეპუტატი, ვიოლა ფონ კრამონიც და მას „სახიფათო” უწოდა.

„ეს მართლაც ძალიან საშიშია. რატომ ახდენს საქართველო შეთანხმების იმპლემენტირებას 5 წლის შემდეგ იმ ვითარებაში, როცა მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ შეწყვიტა ბელარუსთან თანამშრომლობა? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და არ გადასცეს ჟურნალისტები და უფლებადამცველები ლუკაშენკას“, - დაწერა დეპუტატმა ტვიტერზე.

ბელარუსმა შეთანხმების ძალაში შესვლისთვის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ქართულ მხარეს დიპლომატიური არხებით აცნობა 2021 წლის 28 ივლისს. ამისდა მიუხედავად, საბუთის ქართული ვერსია ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG