Accessibility links

site logo site logo

აშშ ჯერჯერობით არ ამბობს, ვის აღიარებს ავღანეთის ლიდერად


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ნედ პრაისი

აშშ-ის საბოლოო პოზიცია ავღანეთის ნებისმიერი მომავალი მთავრობის მიმართ დამოკიდებული იქნება ამ მთავრობის ქმედებებზე, დამოკიდებული იქნება თალიბანის ქმედებებზე, - განაცხადა ვაშინგტონში, 16 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ნედ პრაისმა. მისი თქმით, აშშ შეძლებს იმუშაოს ავღანეთის ისეთ მთავრობასთან, რომელიც არ მფარველობს ტერორისტებს და იცავს საკუთარი მოსახლეობის და მისი ნახევრის - ქალების და გოგონების ფუნდამენტურ უფლებებს.

ნედ პრაისმა ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გასცა ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, ისევ მიიჩნევს, თუ არა აშშ ავღანეთის პრეზიდენტად აშრაფ ღანის. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებით, ავღანეთში ხელისუფლების ფორმალურად გადაცემა არ მომხდარა.

შეკითხვას, ვის აღიარებს აშშ ავღანეთის ლიდერად, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ ამაზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობენ. პრაისის თქმით, აშშ-ის და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური ინტერესია ავღანეთში სიტუაციის პოლიტიკური გზით მოგვარება და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ავღანელი ხალხის ინტერესები. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ინფორმაციით, აშშ-ის და მისი პარტნიორების მონაწილეობით, ყატარის დედაქალაქ დოჰაში ისევ გრძელდება ავღანეთის მთავრობის და „თალიბანის“ წარმომადგენლების მოლაპარაკება.

ექსტრემისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა", რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ. შესაბამისად, დასრულდა ავღანეთში 20-წლიანი საერთაშორისო მისია.

"თალიბანმა" ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. თალიბების დაბრუნების გამო ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს ათასობით ავღანელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG