Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავღანეთიდან გამოემგზავრა საქართველოს ექვსი მოქალაქე


ავღანეთიდან საქართველოს ექვსი მოქალაქის წამოსვლის შესახებ იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც ის აღნიშნავს, უნგრულ მხარესთან აქტიური მუშაობის შედეგად ავღანეთში კერძო კონტრაქტით მყოფი პირები, რომლებიც ამერიკულ კომპანიაში მუშაობდნენ, ცოტა ხნის წინ უნგრული ბორტით გამოფრინდნენ.

„ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ვითარების ხშირი და არაპროგნოზირებადი ცვლილების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა მათი ევაკუაციის პირველივე შესაძლებლობა იქნას გამოყენებული. მათ შორის გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე, თუმცა როგორც ცნობილია, კოალიციის გადაწყვეტილებით ქაბულის აეროპორტში სამხედრო ხომალდების გარდა სხვა ტიპის საჰაერო ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა და მას შემდეგ რაც დაშვებული იქნება შესაბამისი ნებართვა, მოხდება ბორტის გამგზავრება", - აცხადებს სამინისტრო.

როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, ის რჩება მუდმივ კავშირზე როგორც ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის სამინისტროს მუდმივი კავშირი გვაქვს ავღანეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც, ოფიციალური ცნობით, არიან უსაფრთხო ადგილას და თავს გრძნობენ დაცულად.

„ქართული მხარე მადლობას უხდის უნგრეთს საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უნგრელ კოლეგასთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე.

ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს სრულად თალიბების ხელში გადავიდა. პროგნოზი სხვანაირი იყო და დასავლეთში არავინ მოელოდა, რომ დასავლეთის მიერ მილიარდობით დოლარით დაფინანსებული და ყოველმხრივ მხარდაჭერილი ავღანური არმია ფარ-ხმალს ფაქტობრივად უბრძოლველად დაყრიდა.

17 აგვისტოს თალიბანმა თავისი პირველი პრესკონფერენცია გამართა. „ალჯაზირას“ ინფორმაციით, დაჯგუფების პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა სამშვიდობო მესიჯი გააჟღერა - „ჩვენ არ გვჭირდება არც შიდა და არც გარე მტრები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG