Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან ძალადობის შესახებ ცნობების ფონზე საერთაშორისო ძალები თალიბანის მიზნებზე მსჯელობენ


ქაბულში 18 აგვისტოს სროლის ხმა ისმოდა, ავღანეთის აღმოსავლეთში თალიბანის წევრებმა ძალადობრივად დაშალეს საპროტესტო აქცია. ამ ცნობების ფონზე, საერთაშორისო ძალები აცხადებენ, რომ თალიბანის ყველა ნაბიჯს აკვირდებიან საიმისოდ, რომ დადგინდეს, შეასრულებს თუ არა ჯგუფი პირობას, რომ ადამიანის უფლებების უგულებელყოფის პრაქტიკა წარსულს ჩააბარა.

18 აგვისტოს ასობით ავღანელმა დატოვა ქვეყანა თვითმფრინავებით, ბრიტანეთის სამხედროებმა უხელმძღვანელეს მასობრივ ევაკუაციის პროცესს იმ ხალხისა, რომელთაგან ბევრი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას ეხმარებოდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ ქაოსმა გამოიწვია აეროპორტის დროებით დახურვა - ქვეყნიდან გასასვლელი ერთადერთი მოქმედი პუნქტის.

ძლიერი შეტევის წარმოების და ქაბულის დაპყრობის შემდეგ - რასაც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დამხობა მოჰყვა - თალიბანმა 17 აგვისტოს გამოაცხადა, რომ სურს მშვიდობა და ინკლუზიური მთავრობა, ისლამის ღირებულებების ფარგლებში. მათ განაცხადეს, რომ ოპონენტებზე შურს არ იძიებენ, ისლამური კანონების ფარგლებში დაიცავენ ქალების უფლებებს, და მათი მმართველობა "განსხვავებული" იქნება ორი ათწლეულის წინანდელისგან. თუმცა ავღანეთიდან გავრცელებული ვიდეოჩანაწერები აჩვენებს, როგორ როზგავენ თალიბანის წევრები პირებს, რომლებიც აეროპორტში მისვლას ცდილობდნენ, ფონად კი სროლის ხმა ისმის.

ნატოს უსაფრთხოების წარმომადგენელმა სააგენტო როიტერსს უთხრა, რომ 18 აგვისტოს 17 ადამიანი დაშავდა აეროპორტის გასასვლელთან შექმნილ ჭყლეტაში. თალიბანის წარმომადგენლებმა 18 აგვისტოს დაშალეს იშვიათი საჯარო პროტესტი ქალაქ ჯალალაბადში - ჩანაწერებზე ჩანს, რომ თალიბანის წევრები იარაღიდან ისვრიან და თავს ესხმიან ათობით პირს, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ ავღანეთის შავი, წითელი და მწვანე ფერების დროშისთვის პატივის მისაგებად ერთი დღით ადრე ავღანეთის დამოუკიდებლობის დღემდე - რომლითაც აღინიშნება 1919 წელს ბრიტანეთის მმართველობის დასრულება. როიტერსი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ძალადობას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG