Accessibility links

site logo site logo

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა პარტია „საქართველოსთვის" მხარდამჭერს აკაკი ბართაიას


პარტია „საქართველოსთვის" მხარდამჭერს აკაკი ბართაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გიორგი გახარიას პარტია ბართაიას დაკავებას პოლიტიკური დევნას უკავშირებს.

„ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი აკაკი ბართაია, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია, ამჯერად ქართული ოცნების მსხვერპლი გახდა, მას იარაღი ჩაუდეს", - ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.

გახარიას პარტიის განცხადებას გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. „უფუნქციოდ დარჩენილი პარტიის დევნა მართლაც ვინმეს რომ უნდოდეს და კადრულობდეს, მაინც არარელევანტურია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ქვეყანაში ამას არავინ არ კადრულობს", - აღნიშნა დეპუტატმა და დაამატა, რომ ასეთი განცხადების მიზანი სიტუაციით სარგებლობა და აქტუალობის შენარჩუნებაა.

რამდენიმე წლის წინ აკაკი ბართაია მედიის ყურადღების ცენტრში ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხვდა. ის ბუტა რობაქიძის მკვლელობის ღამის დეტალებს უყვებოდა ჟურნალისტებს. ბართაია ბუტა რობაქიძესთან ერთად იმყოფებოდა მანქანაში იმ ღამეს, როცა პატრულის თანამშრომელმა რობაქიძე მოკლა.

2020 წლის ივნისში აკაკი ბართაია 7 სხვა პირთან ერთად პოლიციამ ბათუმში დააკავა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის, მხარდამჭერთა აქციაზე. ის სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლეს.

აკაკი ბართაია ასევე ფიგურირებდა ე.წ. საკოლმეურნეო ბაზრის საქმეში. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (126; 151; 187;) წარუდგინეს, ეს არის ძალადობა, მუქარა და ნივთის დაზიანება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 15 000 ლარი შეუფარდეს.

2020 წელს ადვოკატმა რადიო თავისუფლება დააკავშირა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ აკაკი ბართაიასთან. მან უარყო ბაზარში ყოფნა და ინციდენტებში მონაწილეობა. „მე არ ვყოფილვარ მოვაჭრეებთან საუბარში, არ ვადასტურებ. მამუკა შევარდნაძეს მე არ ვიცნობ”, - გვითხრა ბართაიამ.

რადიო თავისუფლების ხელთ არსებულ უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ აკაკი ბართაია მამუკა შევარდნაძესთან ერთად იყო „იბერიის“ კუთვნილ ბაზარში, როცა მოვაჭრეებთან ჯგუფურ შეხვედრებს აწარმოებდნენ.

გაეცანით რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც ფიგურირებს აკაკი ბართაია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG