Accessibility links

site logo site logo

თბილისის საველე ჰოსპიტალი ამოქმედდა - იქ 9 პაციენტია მოთავსებული


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისში ყოფილი ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე ფრენბურთის დარბაზში გახსნილი საველე ჰოსპიტალი ამოქმედდა და გუშინ იქ კოვიდით ინფიცირებული 9 პაციენტი მოათავსეს.

„გუშინ საღამოს დადგა უკვე იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში, მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და დღეიდან უკვე ჰოსპიტალი სრული დატვირთით შეუდგება ფუნქციონირებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან საუბარში.

მისი სიტყვებით, საველე ჰოსპიტალი პაციენტების დროებითი მოთავსებისთვის არის განკუთვნილი: „ჩვენთვის მთავარია, მოხდეს პაციენტების დროული სტაბილიზაცია, შემდეგ მისი გადამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე და ვფიქრობთ, რომ 2-3 დღის მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დატოვება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შემდეგ პაციენტებს სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში გადაიყვანენ მათი მართვისთვის საჭირო მდგომარეობის გათვალისწინებით.

რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ადგილების რაოდენობას, თამარ გაბუნიას თქმით, როგორც კი ადგილი თავისუფლდება, ის მაშინვე ივსება, არის სარეზერვო საწოლებიც, თუმცა მაინც დადგა საველე ჰოსპიტლის გამოყენების აუცილებლობა.

ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, ექიმები, რომლებიც საველე ჰოსპიტალში იმუშავებენ, სრულად არიან გადამზადებული და აქვთ პაციენტების უსაფრთხო მომსახურებისთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევა. მინისტრის ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალი შეძლებს როგორც საშუალო სიმძიმის, ისე მძიმე პაციენტების მიღებას, რადგან აჭურვილია როგორც ინტენსიური, ისე რეანიმაციის ტიპის საწოლებით.

ქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 59 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან, საქართველოში კოვიდ-ინფექციამ 829 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სულ გარდაცვლილია 6649.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 46 389 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4743 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 3393-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

20 აგვისტოს დილის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსის 58 995 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 7238;
  • კლინიკურ სასტუმროში - 3458.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 20 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 10.22%;
  • ბოლო 7 დღის - 10.98%;
  • ბოლო 14 დღის - 10.86%.

გასული დღის განმავლობაში, 19 აგვისტოს აიცრა 23 986 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 907 665 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 266 962.

საქართველოში ივლისიდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. ეპიდემიის მეოთხე, ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში დაავადებულთა სულ მცირე 90%-ს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა ვარიანტი აქვს.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 506 040 შემთხვევა. მათგან 440 370 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6649 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG