Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რატომ დაგვიანდა ორსულთა ვაქცინაცია


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე მიზეზი დაასახელა, რის გამოც საქართველოში ორსულთა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაგვიანდა.

ონლაინვებინარზე დასმული შესაბამისი კითხვის პასუხად ამირან გაყრელიძემ ძირითადად სამი მიზეზი დაასახელა: "ფაიზერის" ვაქცინის ფართო ხელმისაწვდომის შესაძლებლობა მხოლოდ ივლისის შუა რიცხვებიდან. "ასტრაზენეკაზე" დაწესებული ასაკობრივი ზღვარი და ექიმების დამოკიდებულება, რომლებიც ორსულებს ვაქცინაციისკენ არ მოუწოდებდნენ.

ორსულთა აცრა დაშვებულია სამი ვაქცინით - „მოდერნა“, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და იქაც გაფრთხილებაა, რომ უნდა იყოს შეთანხმება ორსულს, ექიმს და ოჯახს შორის, რომ კარგად აიხსნას, რომ დიახ, აცრა იცავს. ჩინურ ვაქცინებს ჯერჯერობით უწერია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინაქტივირებული ვაქცინებია და, ზოგადად, ინაქციტივებული ვაქციები კეთდება ორსულებში, არა მხოლოდ კოვიდის, არამედ საერთოდ, მათ მაინც უწერიათ, რომ კვლევები არ არის ჩატარებული და წინააღმდეგ ჩვენებაშია, ამიტომ ჩვენ ვერ ავცრიდით ორსულებს ჩინური ვაქცინით“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე სიტყვებით „"ფაიზერის" მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში შემოვიდა ივლისის 20-ში, ამიტომაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები და „ასტრაზენეკაზე“ იცით, რომ ქვეყანაში დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი ანუ რეპროდუციული ასაკის ზედა ზღვარი, ეს არის ის ორი ფაქტორი, რატომ გვიან. და ასევე ძალიან დიდი სიფრთხილე თვითონ ორსულების და ჩემი კოლეგების მეან-გინეკოლოგების“.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბევრი ექიმი არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას, არადა, მისი თქმით, ორსულების აცრა აუცილებელია და საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის არსებული მარაგი ამის საშუალებას იძლევა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ორსულების აცრასთან დაკავშირებით, დიდი ხნის განმავლობაში იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ დღეს უკვე ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ ორსულებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა სრულიად უსაფრთხოა. გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს და რაც უფრო სწრაფად გააკეთებენ ამას, უკეთესია.

თამარ გაბუნიამ უკიდურესად საგანგაშო უწოდა ბოლო ხანს, კოვიდინფექციით ორსულების გარდაცვალების ფაქტებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შარშან COVID-19-ით საქართველოში 1 ორსული გარდაიცვალა, წელს დადასტურებულია 8, ხოლო მე-9 შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.

საქართველოში ივლისიდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. ეპიდემიის მეოთხე და ჯერჯერობით ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში დაავადებულთა სულ მცირე 90%-ს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 59 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. 24 საათში ჩატარებული 46 389 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4743 შემთხვევა.

20 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ გაკეთებულია 907 665 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 266 962. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს, შედარებით მოიმატა აცრის მსურველთა რაოდენობამ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ისევ საკმაოდ დაბალია.

საქართველოში აცრა შესაძლებელია "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

XS
SM
MD
LG