Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინიკების ასოციაცია: "ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი პატარა ერისთვის კატასტროფულია"


საქართველოს კლინიკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა უკონტროლოდ იზრდება, დაწესებულ რეგულაციებზე კი, ეფექტური მონიტორინგი არ მიმდინარეობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი პატარა ერისთვის კატასტროფულია" და მოუწოდებს მთავრობას:

  • გადაუდებლად დაიწყოს 12-დან - 16 წლამდე ასაკის ბავშვთა ჩართვა იმუნიზაციის პროცესში, ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, მსგავსად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და ჩინეთისა;
  • გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი, ამ მიზნით გადაუდებლად შეიქმნას 2-3-კაციანი რაზმები გვარდიის შემადგენლობიდან, რომლებიც განახორციელებენ რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს, როგორც საკურორტო ზონებში, აგრეთვე დიდ ქალაქებში, ცენტრალურ ქუჩებზე, გადასასვლელებზე, გაჩერებებზე, სავაჭრო ცენტრებში და სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე. ამავე დროს, გვარდიის რაზმებით პატრულირება არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსებს;
  • სახელმწიფოებრივი მოლაპარაკების საფუძველზე ეთხოვოს ისრაელის მთავრობას თელავივის "სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრის" მიერ შექმნილი მედიკამენტის "EXO-CD24" (რომელმაც I და II კლინიკური კვლევის ეტაპზე 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა) III კლინიკური კვლევის ფაზაში საქართველოს ჩართვის შესახებ, ამით გადავარჩენთ უმძიმესი პაციენტების სიცოცხლეს;
  • კლინიკურმა საბჭომ ერთობლივად, ჩვენი უცხოელი თანამემამულე - ექიმების აქტიური ჩართულობით, მოახდინოს კლინიკური მართვის პროტოკოლის განახლება და ოპტიმიზაცია;
  • აეროპორტებში და სახმელეთო საზღვრებზე დაუყოვნებლივ გამკაცრდეს კოვიდრეგულაციები.

კლინიკების ასოციაცია ასევე მოითხოვს მთავრობისგან, რომ 10 სექტემბრამდე (ორი კვირა) საზოგადოებასთან ყველა სახის შეხვედრები ჩატარდეს ონლაინრეჟიმში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 23 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 517 098 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 453 488 გამოჯანმრთელდა, 6 831 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG