Accessibility links

site logo site logo

დამატებით შეზღუდვებზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს - პაატა იმნაძე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, არსებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე იმსჯელებს.

„ლოკდაუნი“ არ განიხილება, განიხილება, რომ გამკაცრდეს არსებული რეგულაციები. დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდებს დამღუპველ ზეგავლენას“, - უთხრა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ, კახეთში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამართული შეხვედრების შემდეგ.

მისი სიტყვებით, დაწესებული შეზღუდვების შედეგად სიტუაცია სტაბილიზაციისკენ წავიდა ბათუმსა და თბილისში, საქართველოს სხვა რეგიონებში - ჯერჯერობით არა.

მისი განმარტებით, ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების „კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე“.

საქართველოში 14 აგვისტოს ამოქმედდა 3 კვირის ვადით დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამოცხადა. 4 სექტემბრამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს
  • იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
  • შეიზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
  • კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს სპეციალური ტრანსპორტის მომსახურებას, რომელიც მათ ამცრელ პუნქტებამდე მიიყვანს. ამოქმედდა ასევე ამცრელი პუნქტი მცხეთასა და თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, სადაც ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლებელია წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გარეშე.

გასულ 24 საათში საქართველოში, კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

23 აგვისტოს მონაცემებით

  • სულ ჩატარებულია 979 813 აცრა
  • სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 685 448 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.0%
  • სრულად ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.3%
  • 22 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG