ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს ემაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მოეპოვება სანდო ცნობები ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნებული თალიბების სერიოზულ დანაშაულებებსა და დარღვევებზე.
ბაჩელეტის თქმით, არსებობს ინფორმაცია თალიბანის მეომრების მიერ სასამართლოს გარეშე სამოქალაქო პირების სიკვდილით დასჯის ფაქტების შესახებ. ასევე მოდის ცნობები სამხედრო შენაერთებში ბავშვების აყვანის, ქალთა უფლებების დარღვევებისა და თალიბანით უკმაყოფილოთა პროტესტის შეზღუდვის შესახებ.
სამშაბათს ჟენევაში ადამიანის უფლებების საბჭოში გამოსვლისას მიშელ ბაჩელეტს არ მოუყვანია დეტალები სიკვდილით დასჯის შესახებ, მაგრამ აღნიშნა, რომ საფუძველი აქვს შიშს ავღანელი ქალების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების ახალი თაობის გამო, რომლებიც უკანასკნელ წლებში გამოვიდნენ ასპარეზზე.
მან წამოაყენა წინადადება, შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, ავღანეთში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ორგანო, ქალთა უფლებებს კი „ფუძემდებლური წითელი ხაზი“ უწოდა.
Reuters-ის თანახმად, ვითარების საგანგებო რეჟიმში განხილვის მოთხოვნით გამოვიდნენ პაკისტანი და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია. მათ მიერ ბაჩელეტისთვის წარდგენილი რეზოლუციის პროექტი შეიცავს წინადადებას, ავღანეთის თაობაზე მომზადდეს ანგარიში და ის მარტის სესიაზე იქნეს წარდგენილი. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებებს, ყველა მხარემ დაიცვას ადამიანის უფლებები, უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა და უმცირესობათა სრულყოფილი მონაწილეობა.
სხდომაზე ჩინეთის წარმომადგენელმა მოითხოვა ავღანეთში სამხედრო ოპერაციების დროს შესაძლო დარღვევების გამოძიება და სამართლებრივი დევნა ამერიკისა და სხვა უცხოელი სამხედროების მიმართ.
თალიბანი ისლამური ნორმების, შარიათის, მკაცრ ვერსიას უჭერდა მხარს, როცა ის ავღანეთს მართავდა 2001 წლამდე. თალიბებმა 15 აგვისტოს კვლავ დაამყარეს კონტროლი პრაქტიკულად მთელს ავღანეთზე.
მას შემდეგ ისლამისტური მოძრაობის წევრები ცდილობენ, დაარწმუნონ მსოფლიო საზოგადოებრიობა, რომ თავშეკავებით იქცევიან, თავს არიდებენ ძალადობას, მზად არიან გააფართოონ ქალებისა და გოგონების უფლებები, უზრუნველყონ ერთგვარი სიტყვის თავისუფლება.