26 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ ცნობის მე-13 წლისთავისათვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებისთვის ოთხი დღე უქმე იქნება.
როგორც დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურიდან სააგენტო „რესს“ აცნობეს, რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება, საჯარო სექტორის თანამშრომლები კი 26 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით დაისვენებენ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კი სადღესასწაულო ღონისძიებები 25 აგვისტოდან დაიწყება. ადგილობრივ ბიბლიოთეკაში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „რუსეთის სიყვარულით. დე ფაქტო რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებში კი გაიმართება სადღესასწაულო კონცერტები. 26 აგვისტოს ღამით კი ცხინვალის თეატრალურ მოედანზე საზეიმო კონცერტი და ფეიერვერკია დაგეგმილი.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკები, 26 აგვისტოს, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად ცნო. ცხინვალის რეგიონი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ აღიარებულია, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი. საქართველო აღნიშნულ ტერიტორიებს განიხილავს, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულს.
დაწერეთ კომენტარი