Accessibility links

site logo site logo

ვახო სანაიას საქმეზე განაჩენი ჟურნალისტებზე ძალადობას წაახალისებს - TI


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანის ვახო სანაიას თავდასმის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. ორგანიზაციაში თვლიან, რომ გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობას წაახალისებს.

„ვახო სანაიას საქმე არ შეიძლება განხილული იყოს ქვეყნის მედიაგარემოში განვითარებული მოვლენებისგან განყენებულად, როცა კრიტიკული მედიის მფლობელების, მმართველების ან მათი ოჯახის წევრების მიმართ გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ამასთანავე, ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმის ფაქტების ეფექტურად გამოძიება არ ხდება, მათ შორის, დღემდე არ დამდგარა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე მასიური თავდასხმის ორგანიზატორებისა და ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ დღეს სახელმწიფო ჟურნალისტების უსაფრთხოებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებით, 2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების ფონზე კრიტიკული მედიასაშუალებები იღებენ მკაფიო გზავნილს, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ იქნება.

„აღნიშნული გარემოება ამძიმებს მედიის მდგომარეობას წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ როცა სწორედ მედიის მიერ საზოგადოებისთვის კრიტიკული ინფორმაციის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილიც მიიჩნევს, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

ვახო სანაიამ სამარცხვინო უწოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მასზე სამ თავდამსხმელს. თუმცა იმის გამო, რომ მათ პატიმრობის 6-თვიანი ვადა ამოწურული ჰქონდათ, სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

სანაიაზე თავდამსხმელები 25 თებერვალს დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

ვახო სანაიას თანახმად, მას თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. სანაიამ თავდასხმა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG