Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის აეროპორტში კვლავ ათასობით ადამიანია, დასავლეთი ჩქარობს დადგენილ ვადამდე დაასრულოს მათი გამოყვანა


ათასობით ადამიანი, რომელიც ავღანეთის დატოვებას ლამობს, კვლავაც ქაბულის აეროპორტშია. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩქარობენ ჩაეტიონ 31 აგვისტოსთვის დათქმულ ვადაში და დაასრულონ ევაკუაცია, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ყოველდღე სულ უფრო სარისკო ხდება აშშ-ის ჯარებისკაცებისთვის, რომლებიც ჯერ კვლავ იქ არიან.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 11 დღის თავზე 82 000-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს ავღანეთიდან 25 აგვისტოს დილისთვის, რის შედეგადაც საერთო რიცხვმა ივლისის ბოლოს შემდეგ თითქმის 88000-ს მიაღწია იმის ფონზე, როცა აშშ და მოკავშირე ძალები აჩქარებენ ამ პროცესს.

კვლაც უამრავი ადამიანია აეროპორტის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე იმ იმედით, რომ დატოვებენ ქვეყანას, რადგან ეშინიათ რეპრესიების საერთაშორისო ჯარებთან თანამშრომლობის გამო. სხვებს კი ეშინიათ ისლამური კანონების თალიბანისეული სასტიკი ინტერპრეტაციის, რომელიც მან თავისი მმართველობის დროს დააწესა 1996-2001 წლებში, განსაკუთრებით ქალების რეპრესიების მხრივ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა, ჰანკ ტეილორმა, რეგიონული ოპერაციების უსაფრთხოების გაერთიანებული შტაბის დირექტორის მოადგილემ, განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ თვითმფრინავები ყოველ 39 წუთში ერთხელ მიფრინავენ ქაბულის აეროპორტიდან, 10 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ რჩება ადგილზე, გაფრენის მოლოდინში.

ერთი დღით ადრე, ბაიდენმა განაცხადა, რომ ევაკუაცია სწრაფი ტემპით მიდის და დასრულდება დადგენილი ვადისთვის, მაგრამ მისი დროული დასრულება "დამოკიდებულია იმაზე, რომ თალიბანმა გააგრძელოს თანამშრომლობა და აეროპორტში მისვლის საშუალება მისცეს იმათ, ვინც ... ჩვენ გამოგვყავს იქიდან და შეფერხებები არ იყოს ჩვენს ოპერაციებში".

თალიბანმა განაცხადა, რომ უცხოელების ყოველგვარი ევაკუაცია უნდა დასრულდეს 31 აგვისტოსთვის.

XS
SM
MD
LG