Accessibility links

site logo site logo

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ზეიმობენ რუსეთის მიერ მათი "დამოუკიდებლობის" აღიარების დღეს


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აღნიშნავენ რუსეთის მიერ მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებიდან მე-13 წლისთავს. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ცხინვალში უკვე ჩატარდა „საზეიმო ავტოგარბენი სამხრეთ ოსეთის და რუსეთის დროშებით და პატრიოტული სიმღერებით“, საღამოს კი, ქალაქის მთავარ მოედანზე კონცერტი გაიმართება. სოხუმში ყვავილებით შეამკეს 90-იან წლებში, „აფხაზი ხალხის სამამულო ომში“ დაღუპულების და პირველი „პრეზიდენტის“ ვლადისლავ არძინბას მემორიალები.

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 აგვისტო ე.წ. სახელმწიფო დღესასწაული - „აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღეა“. მის აღსანიშნავად დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც რუსეთის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას უწოდებს „სახელმწიფოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას და სამართლიანობის ზეიმის აქტს“.

ბჟანიას თანახმად, მოკავშირე რუსეთის აღიარების შემდეგ, აფხაზეთმა მოიპოვა მშვიდობა, უსაფრთხოება და განვითარების შესაძლებლობები.

„ისტორიული სამართლიანობის ზეიმზე“ ლაპარაკობს საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც. მის მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთის აღიარებამ „სამხრეთ ოსეთს მოუტანა მყარი მშვიდობა და ფართო პერსპექტივები".

ბიბილოვის განცხადებით, საქართველოს მიერ 90-იანი წლებიდან „გაჩაღებული სისხლისმღვრელი ომების“ შემდეგ, „სამხრეთ ოსეთმა მოიპოვა ყველა პირობა ნაყოფიერი შრომისა და აღორძინებისთვის, რუსეთთან ყოველმხრივი ინტეგრაციის კურსის რეალიზაციამ კი გახსნა სოციალურ-ეკონომკური განვითარების ხარისხობრივად ახალი შესაძლებლობები და მოიტანა უსაფრთხოების გაცილებთ მაღალი დონე“. ბიბილოვის თანახმად, ოსი ხალხი თავის ხვალინდელ დღეს მხოლოდ რუსეთთან ერთად ხედავს და საკუთარ ბედსაც მხოლოდ რუსეთს უკავშირებს.

რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ. რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკები, „დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად“ 26 აგვისტოს, ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG