დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ დამატებითი შეზღუდვების აუცილებლობა არ გაჩნდება, თუ მოსახლეობა თავს შეიკავებს ფართომასშტაბიანი შეკრებების ორგანიზებისგან და აიცრება.
„აღსრულება ბევრად გამკაცრებულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო, მაგრამ მაინც ხდება ბევრი დარღვევა. თავი უნდა ავარიდოთ სუფრებს, რომლებიც ამ ინფექციის და ახალი შემთხვევების განვითარების მთავარი რისკფაქტორია. არ უნდა მოვაწყოთ არავითარი დიდი შეკრებები და სუფრები, მივიდეთ და ავიცრათ. თუ ყველა გაითავისებს თავიანთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას ამ ძალიან მძიმე პერიოდში, მაშინ არ იქნება აუცილებლობა დიდი დამატებითი შეზღუდვების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე სიტყვებით, ეპიდსიტუაცია დღეს ისევ საკმაოდ რთულია და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშანია, საქართველომ მეოთხე ტალღა გადაიარა, თვითდამშვიდების საფუძველი ისევ არ არსებობს:
„პიკს გადავდივართ და ალბათ, უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ გაჩნდა ქვეყანაში. თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ სერიოზული მდგომარეობაა და ყველამ ვატაროთ ყველგან პირბადე, რომლის ტარების მაჩვენებელიც უნდა იყოს 75% მაინც“.
29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მასშტაბური ღონისძიებების მოწყობის გამო შრომის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა და 6 დააჯარიმა. მათ შორის იყო „გარდენიაც“, სადაც ქორწილი გაიმართა.
დაწერეთ კომენტარი