Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NCDC მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს მოსახლეობას - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 აგვისტოს


ამირან გამყრელიძე: არ გვინდა დიდი სუფრები, მივიდეთ და ავიცრათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დამატებითი შეზღუდვების აუცილებლობა არ გაჩნდება, თუ მოსახლეობა თავს შეიკავებს ფართომასშტაბიანი შეკრებების ორგანიზებისგან და აიცრება.

მისი თქმით ამჟამად ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. მისი პროგნოზით გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი იქნება კიდევ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, რადგან ბევრი პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე.

„ყველაფრის მიუხედავად, მოქალაქეები მაინც არ იცავენ ორ მთავარ რეგულაციას - ეს არის პირბადის ტარება, რომელიც 50%-ს ქვემოთაა ბოლო კვირის მონაცემებით. ადამიანები ძალიან უგულებელყოფენ პირბადის ტარებას, თუმცა ის დახურულ თუ ღია სივრცეში ყველაზე ძლიერი დამცავი საშუალებაა. მეორე, მიუხედავად ზომების სერიოზული გამკაცრებისა, მაინც არის თავყრილობები, მასშტაბური წვეულებები, ქორწილები და ა.შ. შესაბამისად, ამის შემდგომ უკვე არის ეპიდაფეთქებები. ჩვენ ვიცრებით ერთმანეთისთვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე დავიცვათ, სხვა გამოსავალი არ არის. ასევე, აუცილებელია, რომ ყველა ადამიანს ეკეთოს პირბადე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გუშინ შრომის ინსპექციამ კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის, 5 ობიექტი დაილუქა და 6 დაჯარიმდა.

წაიკითხე მეტი.

ამ თელაზე ასევე ნახე:

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში მიიტანა ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მანქანაზე

აშშ-მ უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში ავტომობილზე ქაბულში, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იმყოფებოდნენ.

შეტევამ გამოიწვია "მნიშვნელოვანი მეორადი აფეთქებები", რაც ნიშნავს, რომ მანქანაში დიდი რაოდენობით იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები, - ერთ-ერთი ოფიციალური პირის ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო ასოშიეიტედ პრესი.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო გასულ კვირაში, ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებზე, რომელსაც ავღანეთის მოქალაქეებთან ერთად ამერიკელი სამხედროებიც ემსხვერპლნენ. გარდაცვლილ სამხედროებს გუშინ პატივი მიაგო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც მეუღლესთან ერთად დელავერში შეხვდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

ამ თელაზე ასევე ნახე:

არჩევნები 2021: დღეს პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ პრეზენტაცია გაიმართება

30 აგვისტოს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციას გამართავს, რომლითაც პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

პარტია დანარჩენი ოპოზიციისგან დამოუკიდებლობად წარსდგება არჩევნებზე. ვინ ეყოლება პარტიას კანდიდატებად ეს უკვე 1 სექტემბერს გახდება ცნობილი.

უკვე ცნობილია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე „მესამე ძალას“ უერთდება, - ინფორმაცია „სტრატეგია აღმაშენებელში“ დაადასტურეს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ალან ჯუსოევი პოლიტიკურ ავანტიურას უწოდებს საქართველოს მოწოდებებს ცალკეული ქვეყნებისადმი, გააქმონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა

„სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გაუქმების მოწოდება 2008 წლიდან ისმის და უკვე ტრადიციას იქცა“, - განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალან ჯუსოევმა საქართველოს ხელისუფლების პოზიციის პასუხად, რომელიც ცალკეული ქვეყნებისგან სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევას მოითხოვს.

ჯუსოევის კომენტარს ოსური სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„სხვა საქმეა, მიიღებს თუ არა ვინმე სერიოზულად ასეთ გზავნილებს რუსეთის ფედერაციაში, სამხრეთ ოსეთსა და იმ ქვეყნებში, რომლებმაც აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა. ძირითადი ადრესატი რუსეთია, რომ მან გააუქმოს აღიარება და მოახდინოს ტერიტორიის დეოკუპაცია, მაგრამ ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორია არანაირად არ არის ოკუპირებული. 2008 წლამდე ამ ტერიტორიის ნაწილი იყო საქართველოს მიერ ოკუპირებული, ხოლო აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა ამ ნაწილის დეოკუპაცია და სამხრეთ ოსეთის იურისდიქციის გაფართოება ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ალან ჯუსოევმა.

წაიკითხე მეტი.

რას წარმოადგენს ავღანეთში მოქმედი „ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“?

რა ვიცით ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფო - ხორასანზე“, რომელმაც პასუხისმგებლობა იკისრა ძლიერ აფეთქებაზე ქაბულის აეროპორტთან? აფეთქება მოხდა მაშინ, როცა იქ თალიბანის მიერ ქაბულის დაპყრობის შემდეგ ავღანეთიდან გაქცევის მოსურნე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი.

გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“ (IS-K), რომელიც საკუთრივ „ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფია და რომელმაც 26 აგვისტოს პასუხისმგებლობა იკისრა ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებებზე, წარსულშიც მდგარა ავღანელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ განხორციელებული სისხლიანი თავდასხმების უკან.

2020 წელს ისინი თავს დაესხნენ ქაბულში მდებარე სამშობიარო საავადმყოფოს, დახოცეს 16 დედა და ორსული ქალი, ორი ბავშვი და კიდევ შვიდი ადამიანი.

ჯგუფი ხშირად ესხმოდა თავს შიიტ ჰაზარათა უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებსაც ის ერეტიკოსებად მიიჩნევს.

რატომ გააქტიურდა დაჯგუფება, ვინ არიან მისი წევრები და რატომ ემტერება „ისლამური სახელმწიფო“ თალიბანის რეჟიმს ავღანეთში? წაიკითხე მეტი.

იბოს ტომის მეფე რიჩარდ ოგბუნუჯუ 25 წელია საქართველოში ცხოვრობს. ის მეფედ 2013 წელს საქართველოში აკურთხეს, ახლა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს და ქალაქის მერობა სურს. რატომ ჩამოვიდა, როგორ ხედავს თბილისს და თბილისელებს?

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG