Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის აეროპორტს რაკეტები ესროლეს


ქაბულის აეროპორტს 5 რაკეტა ესროლეს. ინფორმაცია ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა Reuters-ს და CNN-ს. მათი წყაროს თანახმად, რაკეტები მოიგერია ქაბულის აეროპორტში მყოფი ამერიკული სახმელეთო კონტინგენტის დასაცავად განთავსებულმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

ამერიკელები ვარაუდობენ, რომ რაკეტები ისროლა ავღანეთში მოქმედმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო-ხორასანი“. სწორედ მან აიღო პასუხისმგებლობა ქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს მომხდარ აფეთქებებზე, რომელთა შედეგად დაიღუპა 200-მდე ადამიანი, მათ შორის, 13 ამერიკელი სამხედრო. თავდასხმის შემდეგ, აშშ-მა ავღანეთში, "ისლამური სახელმწიფო-ხორასანის" წინააღმდეგ ავიაიერიშები განახორციელა.

31 აგვისტოს უნდა დასრულდეს ქაბულიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა. ისინი უზრუნველყოფდნენ ავღანეთის დედაქალაქიდან ევაკუაციის უსაფრთხოებას. აშშ-მა და სხვა სახელმწიფოებმა ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების და თალიბანის რეჟიმს გაქცეული ავღანელების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც 15 აგვისტოს, რადიკალურმა დაჯგუფებამ დაიბრუნა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ აღიდგინა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო. "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა. მათ შორის იყო საქართველო, რომელმაც ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG