Accessibility links

site logo site logo

IAEA: როგორც ჩანს, ჩრდილოეთმა კორეამ კვლავ აამოქმედა ბირთვული რეაქტორი


იონბიონის ბირთვული რეაქტორი.

გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს თანახმად, როგორც ჩანს, ჩრდილოეთმა კორეამ აამოქმედა ბირთვული რეაქტორი, რომელშიც, როგორც მიიჩნევა, პლუტონიუმს აწარმოებენ ბირთვული იარაღისთვის.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) თავის ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ 2021 წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა იმის ნიშნები, რომ ჩრდილოეთმა კორეამ განაახლა სამუშაოები იონბიონის რეაქტორში, რომელიც ცენტრალურ როლს თამაშობს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაში.

ეს 5-მეგავატიან რეაქტორში მუშაობის განახლების პირველი ნიშანია 2018 წლის დეკემბრის შემდეგ.

IAEA-ის ინსპექტორები 2009 წელს გამოაძევა ფხენიანმა და ამჟამად სააგენტო სატელიტების მეშვეობით მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა ვითარების შესაფასებლად.

ჩრდილოეთმა კორეამ ბირთვული იარაღის უკანასკნელი გამოცდა 2017 წელს ჩაატარა, მაგრამ მას შემდეგ განახორციელა რაკეტების გამოცდების სერია.

IAEA-ის წლევანდელ ანგარიშში მოცემულია ასევე დეტალები იონბიონის კომპლექსის რადიოქიმიური ლაბორატორიის შესახებ, რომელშიც ნახმარი ბირთვული საწვავის გადამუშავება ხდება.

სააგენტოს თანახმად, ლაბორატორია ხუთი თვის განმავლობაში მოქმედებდა, რაც იმას მიანიშნებს, რომ დიდი რაოდენობით ნახმარი ბირთვული საწვავი გადაამუშავა ამ პერიოდში.

IAEA-ის ანგარიშის თანხმად, იონბიონის რეაქტორში ვითარება „ღრმად შემაშფოთებელია“ და ეს არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG