აშშ-მა დაასრულა ავღანეთიდან თავისი ძალების გამოყვანის პროცესი, დამთავრდა ყველაზე ხანგრძლივი, ოცწლიანი ომი ამერიკის ისტორიაში და ასევე ევაკუაციის ქაოსური პროცესი, რომელიც მოჰყვა თალიბანის მიერ ქაბულის დაპყრობას.
აშშ-ის ცენტრალური შტაბის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მეკკენზიმ, გამოაცხადა, რომ ქაბული დატოვა აშშ-ის ყველა სამხედრომ, როგორც ეს გათვალისწინებული იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული ბოლო ვადით, 31 აგვისტოთი.
„აქ ვარ, რათა გამოვაცხადო ავღანეთიდან ჩვენი გასვლის და ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციის სამხედრო მისიის დასრულების შესახებ“, განაცხადა მან ბრიფინგზე.
31 აგვისტოს დილით ქაბულში საზეიმო სროლა ისმოდა, თალიბანი აღნიშნავდა აშშ-ის ჯარის გასვლის დღეს.
„ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვეს ქაბულის აეროპორტი და ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა“, განაცხადა თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მოჯაჰიდმა.
აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 122 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს ქაბულის აეროპორტიდან, 14 აგვისტოს თალიბანის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის შემდეგ.
ორი ათეული წლის წინ, 2001 წელს, აშშ-ის მეთაურობით ავღანეთში უცხოეთის ჯარების შეჭრის შემდეგ თალიბანმა ხელისუფლება დაკარგა.
მაკკენზიმ განაცხადა, რომ აშშ-მა შეძლო ამერიკელი მოქალაქეების, ვისაც გასვლა სურდა, „დიდი უმრავლესობის,“ დაახლოებით ექვსი ათასი პირის ევაკუაცია.
ბაიდენმა განაცხადა, რომ ის აპირებს, 31 აგვისტოს მიმართოს ერს, მან შეაქო ამერიკელი სამხედროები „აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი საჰაერო გადაყვანის განხორციელებისთვის“. „ახლა დასრულდა ავღანეთში ჩვენი 20-წლიანი ყოფნის ისტორია“, განაცხადა მან.