Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მიზანმიმართული აქტიურობა დასავლეთში - რა გზით მიდის საქართველო?


1 სექტემბერს ვაშინგტონში იმართება მნიშვნელოვანი შეხედრა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.

მანამდე კი, ვოლოდიმირ ზელენსკის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უკრაინული დელეგაცია ვაშინგტონში „ძალიან შედეგიან“ შეხვედრებს მართავს და მათ შორის - უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დაპირებებსაც იღებს.

ექსპერტებისთვის აშკარაა, რომ უკრაინა ამჟამად დასავლეთის თვალსაწიერში საგანგებო და ბევრი ქვეყნისთვის შესაშური ყურადღების ცენტრშია.

  • რით იმსახურებს უკრაინა და პრეზიდენტი ზელენსკი აშშ-სა და ზოგადად - დასავლეთის საგანგებო მხარდაჭერას?
  • რატომ არიან განსხვავებულ სიტუაციაში უკრაინა და საქართველო, ძალიან მსგავსი ტერიტორიული პრობლემების მიუხედავად?

შეხვედრები და დაპირებები

პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრამდე, 31 აგვისტოს, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს და მნიშვნელოვანი დაპირებებიც მიიღო.

რუსეთის აგრესიასთან გამკლავებისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ურყევი და ქმედითი დახმარების გარდა, უკრაინის პირველ პირს ფინანსური მხარდაჭერის შესახებაც აცნობეს.

გახმაურდა გადაწყვეტილება, რომ კიევი მიიღებს დამატებით 60 მილიონ დოლარს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს - „ჯაველინის“ შესაძენად.

იმედები უკავშირდება ამერიკულ დახმარებას სამხედროებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრების ქსელის განვითარების კუთხითაც.

31 აგვისტოს, ვაშინგტონში მხარეებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით, 10-მდე შეთანხმება და მემორანდუმი გაფორმდა. მათ შორის არის ჩარჩო შეთანხმება „თავდაცვითი პარტნიორობის სტრატეგიული საფუძვლების შესახებ“.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობებით, 2026 წლის დეკემბრამდე განსახორციელებელი გეგმა აშშ-სა და უკრაინის თანამშრომლობაში ფოკუსირებული იქნება მიზანზე, რომ უკრაინა ეფექტიანად გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას.

გეგმა უკავშირდება ნატოსთან თავსებადობის შესაძლებლობების მნიშვნელოვან ზრდასაც.

უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა ასევე აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრსაც. ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელი ამ სფეროშიც მოეწერა:

„იქნება კომპლექსური ინვესტიცია უკრაინის ატომური ენერგეტიკის სფეროში. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ ინვესტიციებს ვეძებდით. ახლა ჩვენ უკვე გვაქვს მხარდაჭერა“.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მსჯელობა შეეხებოდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პრობლემურ და სადავო პროექტს, რომელსაც ეწინააღმდეგება ვაშინგტონი. ზელენსკის თქმით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ვაშინგტონი ამ პროექტს უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკებს უკავშირებს.

მიზანმიმართული აქტიურობა

აშშ-ში უკრაინის დელეგაციის შეხვედრებით დატვირთულ ვიზიტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე უწოდა „ძალიან შედეგიანი“ და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის შეხვედრებს ხარისხით საზღვრავს და არა რაოდენობით.

ვაშინგტონში მთავარი შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან უნდა გაიმართოს. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებვერდზე გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, უკრაინელ კოლეგას ის „მოუთმენლად“ ელოდება მთელ რიგ საკითხებზე სალაპარაკოდ.

თეთრი სახლი წერს, რომ ზელენსკის ვიზიტი იქნება აშშ-ის უცვლელი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა თუ რეფორმების პროგრამის რეალიზების კუთხით.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მუჩაიძის შეფასებით, აშშ-ში ვიზიტსა და ჯო ბაიდენთან შეხვედრას ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რაც რუსეთისთვის განკუთვნილ სიგნალებსაც მოიცავს:

„ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არასოდეს არის მხოლოდ ვიზიტისთვის. პირველ რიგში, ეს არის მხარდაჭერის ძალიან სერიოზული პოლიტიკური სიგნალი მათ შორის - რუსეთისთვისაც, რომ უკრაინა არის ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

სულ რამდენიმე თვეა, რაც ჯო ბაიდენი ხელისუფლების სათავეში მოვიდა რამდენი სერიოზული ქვეყნის ხელმძღვანელთან არ ჰქონია მას ჯერ შეხვედრა... მე ვიტყოდი, რომ ეს თითქმის უპრეცედენტო შემთხვევაა“.

ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრას წინ უსწრებდა არაერთი სატელეფონო საუბარი და ასევე, არაერთი შეხვედრა თუ დისტანციური მსჯელობა ორი ქვეყნის ხელისუფალთა შორის, სხვადასხვა დონეზე.

საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინა მუდმივად დომინირებდა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების კომუნიკაციის პროცესშიც.

რით დაიმსახურა უკრაინამ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასეთი ყურადღება? რატომ არ შეიმჩნევა მსგავსი ყურადღება საქართველოს მიმართ?

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, დიპლომატი გიორგი ბადრიძე გვეუბნება, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მათ შორის აშშ-ში მიმდინარე ვიზიტსაც „პირველ რიგში, საკუთარი აქტიურობითა“ და "მიზანმიმართული ქმედებებით" მიაღწია.

„მისი ქმედებები მუდმივად მიზნად ისახავდა დასავლეთისა და კონკრეტულად - შეერთებული შტატების ყურადღების მიპყრობას - იმისათვის, რომ უკრაინა დარჩენილიყო და აქტიურად აღნიშნულიყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ რადარებზე. ანუ ზელენსკიმ გააკეთა ყველაფერი იმის საწინააღმდეგო, რასაც აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება...

საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, არ გააღიზიანოს რუსეთი და გაქრეს საერთაშორისო სისტემიდან და იქცეს იმ პატარა „სოფლად“, რასაც ბატონი ივანიშვილი უწოდებდა საქართველოს“ - გვეუბნება ბადრიძე.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ პრობლემებით სავსე მსოფლიოში თავის მუდმივი შეხსენება და „შეწუხება“ საჭიროა სტრატეგიული პარტნიორების შემთხვევაშიც.

უკრაინა ამისთვის ყველაფერს აკეთებს, იქნება ეს - ნატოს ლიდერების ბოლო სამიტის წინ MAP-ის დაჟინებული მოთხოვნა თუ პარტნიორების კონსოლიდაციის მკაფიო მაგალითი - „ყირიმის პლატფორმის“ დაფუძნება.

  • პრეზიდენტ ზელენსკის პატრონაჟით, „ყირიმის პლატფორმის“ პირველი, დამფუძნებელი სამიტი კიევში 23 აგვისტოს გაიმართა და მასში 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის ბევრი - პირველი პირების დონეზე.
  • მომდევნო დღეებში კი, საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სიამაყით ითვლიდა საერთაშორისო პრესაში უკრაინის შესახებ გამოქვეყნებულ რამდენიმე ასეულ ანალიტიკურ სტატიასა თუ ახალ ამბავს. „მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა შეიტყო „ყირიმის პლატფორმის“ შესახებ“ - წერდა ის სოციალურ ქსელში.
  • „ყირიმის პლატფორმას“ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების ინსტრუმენტად განიხილავენ. ახალი პლატფორმის კონცეფცია შემუშავებულია უკრაინის საგარეო უწყების მიერ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით.

მართალია, ამ ფორუმში საქართველომაც მიიღო მონაწილეობა და კიევში მყოფი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვითაც გამოვიდა, მაგრამ გიორგი მუჩაიძეს აწუხებს შეკითხვა - რატომ არ შეიძლებოდა, რომ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფოკუსით, მსგავსი რამ საქართველოსაც მოეფიქრებინა?!

მუჩაიძე თვლის, რომ უკრაინის როლისა და გეო-პოლიტიკური მასშტაბების გათვალისწინებით, ყურადღების მისაპყრობად და მიზნის მისაღწევად, საქართველოს კიდევ უფრო მეტი აქტიურობა მოეთხოვება და „ეს არ ჩანს“.

კიდევ რა არის აუცილებელი?

საკმარისია თუ არა აქტიურობა იმისათვის, რომ ქვეყანა დასავლეთის ყურადღების ცენტრში მოექცეს? ცხადია - არა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე რეფორმების წარმატება არცთუ იშვიათად ხდება კრიტიკის სამიზნე, მათ შორის - ქვეყნის საზღვრებს გარეთაც, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დასავლეთი ზელენსკის ხელისუფლებას ძალისხმევას უფასებს.

გიორგი ბადრიძე გვეუბნება, რომ, სულ მცირე, "უკრაინას ვერ უსაყვედურებენ, რომ ის ეწინააღმდეგება დასავლურ სტანდარტებს, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება".

საქართველოს მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებთან და ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარებასთან დაკავშირებული ხმაურიანი ამბავი, ბადრიძის შეფასებით, ახალ, სახიფათო ეტაპზე მიანიშნებს.

„დღეს საქართველოს ხელისუფლება უკვე ღიად ამბობს უარს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც აუცილებელია დასავლეთთან თანამშრომლობისთვის... სამწუხაროდ, დღეს უკვე შევედით იმ ფაზაში, როცა „ქართული ოცნების“ პროდასავლური კურსის იმიტაციაც სრულდება.

ევროკავშირმა მოითხოვა რეფორმები საქართველოში ნორმალური სასამართლო სისტემის ჩამოსაყალიბებლად და ამ მომენტში „ქართულმა ოცნებამ“ და კონკრეტულად, ალბათ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა არჩევანი ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭების სასარგებლოდ, თუნდაც ფინანსური დანაკარგების ხარჯზე“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ბადრიძე.

მისი შეფასებით, პროცესების ამ მიმართულებით გაგრძელება, სულ მცირე, მოიტანს „რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენას, რაც ყოველთვის იყო რუსეთის ამოცანა“.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს არაფერი ემუქრება და ის, რაც ხდება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებით არის ნაკარნახები.

მაგრამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებული მოვლენების ფონზე, ექსპერტთა და პოლიტიკოსთა წრეებში ბოლო დროს საკმაოდ ბევრმა გაიხსენა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი.

2013 წელს, იანუკოვიჩის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი ბევრისთვის მოულოდნელად შეაჩერა, რასაც „ევრომაიდნის“ მასშტაბური პროტესტი, არეულობა და მსხვერპლიც კი მოჰყვა.

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა გააგრძელებს თავისუფლების, დემოკრატიისა და რეფორმების გზით სვლას.

მან იქ უკრაინის ტრანსფორმაციის გეგმაც წარადგინა, მედიისა და ამერიკის ცნობილი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენელთა წინაშე.

დისკუსია ფრედ სმიტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შედგა. პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინა ამბიციურად მიიწევს წინ რეფორმების გზაზე და უდავო პრიორიტეტად - კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის რეფორმირება რჩება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG