Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევ უკრაინაზე და არა საქართველოზე


საქართველოში მწვავე დისკუსია მოჰყვა იმ  ფაქტს, რომ საქართველოს საკითხი, უკრაინისგან განსხვავებით, არ იყო შეტანილი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების განსახილველ თემებს შორის და ჯო ბაიდენმა საქართველო არც შეხვედრის შემდეგ ახსენა.  

საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქართველო იგულისხმებოდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ პრესკონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვებში და სხვა მხრივაც, ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არ აკლია.

  • არის თუ არა ეს საკმარისი, როცა ხსენების ნაცვლად იგულისხმები საქართველოს მთავარი სტრატეგიული სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადებაში?
  • როგორია ვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ძალების ახლებურად გადანაწილების ფონზე?

ჟენევაში გამართული ერთი-ერთზე შეხვედრის შემდეგ, ცალ-ცალკე გამართულ პრესკონფერენციებზე ორივე პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მათი საუბარი უკრაინასაც შეეხო.

„(პუტინს) ვაუწყე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის შესახებ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 16 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფაქტია, რომ იანვრის შემდეგ, საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა. ისევე, როგორც 26 იანვარს გამართული სატელეფონო საუბრის მსგავსად, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველო ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს არც პირადი შეხვედრის დროს უხსენა.

„ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტი, რა თქმა უნდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას GSAC-ის თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი.

მომხდარი მისთვის კიდევ უფრო დასანანია იმ ფონზე, რომ ჯო ბაიდენი „ძალიან კარგად იცნობს“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს პრობლემატიკას და მან ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტის რანგში საქართველოში სტუმრობის დროსაც არაერთხელ გამოამჟღავნა.

„რა დასკვნა შეიძლება გააკეთო?! ალბათ ის, რომ არასაკმარისად იმუშავა საქართველოს დიპლომატიამ იქ, ადგილზე, მათ შორის - პირადი კონტაქტების დონეზეც, როცა სახელმწიფო დეპარტამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია პუტინთან განსახილველი საკითხების სიას ადგენდნენ. ამ წარუმატებლობის შემდეგ, სერიოზული დასკვნებია გამოსატანი სამომავლოდ, მაგრამ მაინცდამაინც დიდი იმედი არ მაქვს“, - ეუბნება ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას და იქვე იხსენებს პირველი პრემიერობის დროს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ უკრაინისა და საქართველოს პრობლემები ერთმანეთისგან განსხვავდება.

იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან საერთოდ არ ახსენა საქართველო, თბილისის მოზანმიმართული პოლიტიკის შედეგად განიხილავენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აღნიშნავს - თბილისი, კიევისგან განსხვავებით, სათანადოდ არ აწუხებს საერთაშორისო პარტნიორებს „ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებთან“ დაკავშირებით.

„ყველა საბუთი და ნიშანი გვაქვს იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მავნებლურ ამოცანას, რაც დეკლარირებული ჰქონდა თავის პროგრამაში - საქართველო გაქრეს როგორც დაპირისპირების საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა“, - განაცხადა ბოკერიამ 17 ივნისს.

დაიჭირა თუ არა თადარიგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კონკრეტულად რა სამუშაო გასწია ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის წინ?

ამ შეკითხვაზე საგარეო უწყებამ გვიპასუხა შემდეგი:

  • „საქართველოს ოკუპაციისა და ჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხი დაისვა აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრაზე მის ბალტიელ კოლეგებთან“.
  • „უშუალოდ ამერიკა-რუსეთის სამიტზეც, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა რომ აშშ არ მიატოვებს მოკავშირეებს და, ბუნებრივია, აქ საქართველოც იგულისხმება“.

ექსპერტებისთვის არასაკმარისია, როცა მხოლოდ იგულისხმებენ და არაფერს იტყვიან. ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ კრემლისთვის ეს ფრიად სასიამოვნო სიგნალი იქნებოდა - „არაფერს მეუბნებიან პირადი შეხვედრის დროს - ე.ი. შემიძლია გავაგრძელო ყველაფერი, როგორც აქამდე“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება საუბრებს ქართული დიპლომატიის მარცხთან დაკავშირებით.

„სწორედ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვხვდება მკაფიო საჯარო მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში; ის განცხადებები, რაც ბოლო დღეებში მოვისმინეთ ამერიკის, ევროპის აღმასრულებელი და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებისგან, ამის ნათელი დასტურია. ეს ეხება იმ ძლიერ მხარდამჭერ ჩანაწერებს, რაც საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდა, როგორც ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში, ასევე იგივე აშშ-ევროკავშირის სამიტის დეკლარაციაში, იგივე ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის დოკუმენტში და ა.შ.“ - ვკითხულობთ საგარეო უწყებიდან რადიო თავისუფლებისთვის წერილობით მიწოდებულ კომენტარში.

აქვე აღნიშნულია, რომ „საქართველო-რუსეთის კონფლიქტს ერთ-ერთი მთავარი ადგილი ექნება“ სრულმასშტაბიანი დიალოგის პროცესში, რომელსაც „აშშ და რუსეთის ფედერაცია იწყებენ“.

14 ივნისის ნატოს სამიტის განცხადებაში ექსპერტებმა განსაკუთრებული სიახლე და გარღვევა ვერ დაინახეს. ტექსტში ძველებურად ხაზგასმულია მტკიცე მხარდაჭერა, სამომავლო დახმარებისთვის მზადყოფნაც; მაგრამ ისიც მითითებულია, რომ ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს რეფორმების გაგრძელება ესაჭიროება.

ამასობაში, უკრაინა აქტიურობას განაგრძობს და პრეზიდენტი ზელენსკი ჯო ბაიდენისგან სამიტამდე, ან მკაფიო „კი“-ს და ან ცხად „არა“-ს ითხოვდა - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხად აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის უკრაინას კორუფციიის აღმოფხვრა და სხვა რამდენიმე კრიტერიუმის შესრულება სჭირდება.

პარალელურად, თურქეთი ისევ ცდილობს საქართველოს დაყოლიებას, შეუერთდეს 6-წევრიან პლატფორმას („3+3“) თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის შემადგენლობით. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ ბაქოში გაკეთებული განცხადების თანახმად, ის ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსაც ელაპარაკა და, ბაქოდან ჩვენთვის მოწოდებული ციტატის მიხედვით, ერდოანი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერი თითქოს დააინტერესა კიდეც.

„ეს პლატფორმა რეგიონის სტაბილურობისთვისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის არის გამიზნული. ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები მხოლოდ საქართველოს აქვს. თურქეთში მისი ბოლო ვიზიტის დროს, ველაპარაკე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ავუხსენი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. ვუთხარი, თქვენ ხომ იცით ჩვენსა და სომხეთს შორის არსებული პრობლემის შესახებ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების პრობლემები მოგვარდეს. ზუსტად ასევე, ეს პლატფორმა დაგეხმარებათ თქვენც, გადაჭრათ თქვენი პრობლემები რუსეთთან. მან მითხრა, კიდევ ერთხელ გადავხედავო; სცადეთ, ეს კარგი იქნება, ვუთხარი მე. ვინაიდან რეგიონს მშვიდობა სჭირდება, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ“, - იუწყებიან, რომ რეჯებ ტაიპ ერდოანმა თავისი სათქმელი ამ სიტყვებით ჩამოაყალიბა.

17 ივნისს რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო პრემიერის ადმინისტრაციის კომენტარის მოპოვება ამ საკითხთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დროს არაერთხელ აქვს განმარტება გაკეთებული იმის შესახებ, რომ, ოკუპაციის პირობებში, საქართველო რუსეთთან ერთად ვერ შეუერთდება ამ პლატფორმას.

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი ჩვენთან საუბრისას გამოთქვამს იმედს, რომ „საქართველოს მხარე პოზიციას არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლის“ და ბოლოს არ აღმოჩნდება რუსეთის პირისპირ, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე.

საქართველოს ბოლო პერიოდში არაერთი მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია, როგორც ევროპიდან, ასევე შეერთებული შტატებიდან. ბატიაშვილი ხედავს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთის პირისპირ, ამ პლატფორმის ამარა არ დატოვებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG