Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი პაპავა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის შესახებ: შეთანხმება დაირღვა, მეორეხარისხოვანია, გვჭირდებოდა თუ არა სესხი


გიორგი პაპავა
გიორგი პაპავა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა საქართველოს მთავრობის უარს ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიღებაზე ქვეყნისათვის წაგებიან ნაბიჯად აფასებს და ევროკავშირის მიერ გავრცელებული საპასუხო განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ მასში ნათლად წერია, რომ საქართველომ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ გიორგი პაპავამ განაცხადა, რომ გამოდის, რომ შეთანხმება საქართველოს მხარემ დაარღვია:

„მე წავიკითხე ეს ისე, როგორც ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ თუ არ გინდათ, კი ბატონო, უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეებო, უნდა იცოდეთ, რომ ის ვალდებულებები, რაც ხელისუფლებას ჰქონდა აღებული, მას შესრულებული არა აქვს. ეს არის ამ განცხადების შინაარსი. ეს ძალიან მარტივად ჩანს და რაც არ უნდა დეტალებში შევიდეთ, ეს ვალი ფინანსურად გვჭირდებოდა თუ არა, ვფიქრობ, რომ მეორეხარისხოვანია. მთავარი ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში არის ის, რომ ჩვენ არა მარტო ევროკავშირთან, არამედ სხვა ინვესტორებთან დავდექით რეალობის წინაშე, როდესაც გარკვეული ვალდებულებები, რაც ევროკავშირის წინაშე გვქონდა აღებული, ვერ შევასრულეთ“, - განაცხადა გიორგი პაპავამ „საღამოს საუბრებში“. იგი ამბობს, რომ თავად ქვეყნის მიერ დამატებითი სესხის აღების მომხრე არასოდეს ყოფილა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავარ პოლიტიკურ პარტნიორთან დადებული პირობები არ შეასრულო:

„იგივე ფინანსთა მინისტრი საუბრობს, რომ შიდა ვალი შევამცირეთო და მართლაც შიდა ვალის დონე წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია და ნამდვილად ეკონომიკური მაჩვენებლები უკეთესია, ვიდრე მანამდე გვქონდა და იძლევა მათ შორის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების შესაძლებლობას, მაგრამ ეს არ უნდა მოახდინო იმის ხარჯზე, რომ მთავარ პოლიტიკურ პარტნიორთან, ევროკავშირთან გარკვეული პირობები არ შეასრულო და მერე გადახვიდე წინ და უკან არგუმენტებში, რომ ჯერ შენ თქვი უარი სესხზე, რომ რეალურად ვითომ ასრულებ, მაგრამ ფული არ გჭირდება და ასე შემდეგ. ამიტომ მინისტრების არგუმენტაცია დიდწილად სწორია, რომ ეხლა რომ დამატებით ვალი აგვეღო, ამის საჭიროება შეიძლება არ იყო, თუმცა ეს არ უნდა მომხდარიყო იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა. იგივე შეგვეძლო, ეს ვალი აგვეღო და სხვა ვალდებულებები გაგვესტუმრებინა“, - განაცხადა გიორგი პაპავამ „საღამოს საუბრებში“.

გუშინ, 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირის მაკროეკონომიკური ფინანსური დახმარების მიღებაზე, რადგან ქვეყანამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და ახალი სესხის აღებას აღარ აპირებს.

31 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაკროფინანსური დახმარებაზე უარის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ მიიღებს 75 მილიონ ევროს.

"150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი...

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე", - თქვა ევროკავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ჯულიენ კრამპმა 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

XS
SM
MD
LG