Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრები გააკრიტიკა ავღანეთის კრიზისზე არასათანადო რეაგირებისთვის


დავიდ სასოლი
დავიდ სასოლი

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავიდ სასოლიმ, 1 სექტემბერს ევროკავშირის წევრები გააკრიტიკა ავღანეთის კრიზისზე არასათანადო რეაგირებისთვის და იმისთვის, რომ არ შეიფარეს მნიშვნელოვანი რაოდენობის ავღანელი ლტოლვილი.

„ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნები მიესალმნენ თავშესაფრის მაძიებელ ავღანელებს, მაგრამ ერთი წევრი ქვეყანაც კი არ გვინახავს, რომელიც იმავეს გააკეთებდა,“ თქვა სასოლიმ თავდაცვის მინისტრების ფორუმზე სლოვენიაში.

დღეს გავრცელდა ცნობები, რომ დიდი რაოდენობით ავღანელებმა მიაშურეს ქვეყნის საზღვრებს მას შემდეგ, რაც ავღანეთში აშშ-ის ხელმძღვანელობით მყოფმა საერთაშორისო კონტინგენტმა დატოვა ქვეყანა და 31 აგვისტოს შეწყდა ქაბულის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია.

ევროკავშირის ქვეყნებმა 30 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ დახმარებას აღმოუჩენენ ავღანეთსა და მის მეზობლებს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ავღანელი თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ საერთო პოლიტიკაზე.

სასოლის თქმით, „ძლიერი და გაერთიანებული ევროპული ხმა არასოდეს ყოფილა უფრო საჭირო საერთაშორისო არენაზე, როგორც დღეს.“

იმავე ფორუმზე სლოვენიაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა: „კიდევ ერთი ასეთი გეოპოლიტიკური მოვლენა არ გვესაჭიროება იმის მისახვედრად, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღებაში მეტი ავტონომიისკენ და მსოფლიოში მოქმედებისთვის მეტი შესაძლებლობისკენ უნდა ისწრაფოდეს.“

XS
SM
MD
LG