ორგანიზაცია "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" (RSF) გამოდის საერთაშორისო სოლიდარობის გამოჩენის მოწოდებით "დევნილი", დამოუკიდებელი ბელარუსი ჟურნალისტების მიმართ, იმ ფონზე, როცა შარშან ჩატარებული, უთანხმოების საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში ძლიერდება ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.
"საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ გააძლიეროს წინააღმდეგობა და გააგრძელოს თავშესაფრის შეთავაზება ჟურნალისტებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან გაექცნენ რეპრესიებს" - წერს RSF განცხადებაში, რომელიც 1 სექტემბერს გავრცელდა - თითქმის ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ გასცა ბრძანება დახურულიყო ქვეყნის ერთადერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტური ასოციაცია.
პარიზში განთავსებული RSF აცხადებს, რომ ჟურნალისტთა ბელარუსული ასოციაციის (BAZh) დახურვა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს კულმინაციას ბელარუსში ერთ წელზე მეტი დროის წინ დაწყებული რეპრესიებისა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.
ბელარუსში ოპოზიციის და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიები მოჰყვა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებას, რომლითაც ავტორიტარ მმართველს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მეექვსე ვადით მიაკუთვნეს პრეზიდენტობა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგების გამოცხადებამ ბიძგი მისცა უპრეცედენტო, მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს. ბელარუსის რეჟიმმა ათი ათასობით პირი დააკავა, ოპოზიციის და დამოუკიდებელი მედიის ბევრი წარმომადგენელი დააპატიმრეს, ან იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინათ.