Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილის თქმით, გახარია თავისი გადაწყვეტილებებით უწყებებს ანგრევდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკრიტიკებს თავის წინამორბედს, ახლა უკვე კონკურენტ გიორგი გახარიას და ამბობს, რომ ის ინსტიტუტებს ანგრევდა. ასე გამოეხმაურა ღარიბაშვილი გახარიას კრიტიკას.

"გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როცა საუბრობს [პრემიერის] ინსტიტუტის დაკნინებაზე, მინდა მოსახლეობას შევახსენო, და ამაზე გუნდის შიგნით არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის მისი თანდასწრებით, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და მისი მოვალეობის შესრულებაზე - პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა, რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა.

​მეორე - ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა მან სპეცრაზმი ჩაიყვანა პანკისში და მთელ სოფელს აცემინა ქვებით. კაცი არ დაუსჯია მას. მესამე ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა კლუბებში, ააწიოკა ხალხი. ვნახეთ, კლუბში ვინც იყვნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს და გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, რომელსაც თვითონ ეძახდა ნარკომანებს", - ამბობს ღარიბაშვილი.

"ქართულმა ოცნებამ" გიორგი გახარია გადადგომის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილის გაჟღერების შემდეგ გააკრიტიკა.

2018 წლის 12 მაისს, ღამით, თბილისის ორ ღამის კლუბში, "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო. სტუმრებს ტერიტორია ისე დაატოვებინეს, რომ პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს. სპეცოპერაციიდან 48 საათის განმავლობაში აქციები იმართებოდა თბილისში. აქციები გიორგი გახარიას პარლამენტთან მისვლისა და საჯაროდ ბოდიშის მოხდის შემდეგ დაიშალა.

იმის მიუხედავად, რომ ღარიბაშვილი გახარიას დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს, ის მაინც რჩებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. მეტიც, 2019 წლის 20 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რა დროსაც არაერთი ჟურნალისტი დაშავდა და რამდენიმე ადამიანმა მხედველობა დაკარგა, "ქართულმა ოცნებამ" ის პრემიერად დანიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG