Accessibility links

site logo site logo

კობახიძე გახარიას აკრიტიკებს მესტიის, „ბასიანისა" და პანკისის სპეცოპერაციების გამო


ირაკლი კობახიძე

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას საქმიანობა შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბოიკოტის შეწყვეტის შემდეგ „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მესსტიის, „ბასიანისა“ და პანკისის სპეცოპერაციებზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს.

„რაც კი პრობლემები დაუგროვდა ქართულ ოცნებას, მცირე მონაკვეთში, ეს იყო დაახლოებით ერთწლიანი პერიოდი, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, გახარიას მიერ ორგანიზებულს. პირველი იყო თუ არ ვცდები მესტიაში, ტყის ჭრას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი. იყო არასწორად დაგეგმილი ოპერაცია, ოღონდ იქ მოუწიათ უკან გამოსვლა. საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა ეს ყველაფერი. შემდეგ იყო „ბასიანი“ და იქაც აბსოლუტურად არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ასევე უნდა გავიხსენოთ ის, რომ შემდგომ ბოდიში მოუხადა. შემდეგ პანკისი იყო, აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ძალიან მძიმე სურათი. ყველას კარგად ახსოვს, რომ ფაქტობრივად შეურაცხყოფა მიაყენებინა თანამშრომლებზე, გმირ პოლიციელებზე, ეს იყო ძალიან მძიმე“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის წევრი არა არასწორად დაგეგმილ და შესრულებულ სპეცოპერაციებს უკავშირებს გიორგი გახარიას. „ეს იყო შეცდომების, არასწორი მენეჯმენტის შედეგი თუ გავლენების შედეგი, რაც უკვე დანაშაულამდე მიდის, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ეს შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული თეორიულად ან პოლიტიკური დანაშაული“, - მიიჩნევს კობახიძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ 2021 წლის 17 თებერვლამდე ყველაფერს მიაწერდა შეცდომას და არაეფექიანი მენეჯმენტის შედეგებს.

2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალები ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე შეიყვანეს, რაც ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამაც დაადასტურა.

2018 წლის 12 მაისს ღამით კლუბებში „ბასიანსა“ და „კაფე გალერიში“ შევიდნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები. პოლიციელებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს 8 პირი, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზე.

შსს-მ „ბასიანის“ და „კაფე გალერის“ შენობებში სპეცრაზმის შესვლის მიზეზად დაასახელა ოპერატიული ინფორმაცია ადგილზე ნარკოტიკის გასაღების შესახებ.

ღამის კლუბებში ჩატარებული ოპერაციის გამო, 12-13 მაისს თბილისში გაიმართა აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის“, რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG