Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კეკენაძე: არჩევნები ჩემთვის არ არის მარტო თბილისის მერობის კამპანია


თამარ კეკენაძე, "მესამე ძალის" მერობის კანდიდატი თბილისში
თამარ კეკენაძე, "მესამე ძალის" მერობის კანდიდატი თბილისში

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" თბილისის მერობის კანდიდატი, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე თამარ კეკენაძე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ მისთვის და მისი პოლიტიკური გაერთიანებისთვის, 2 ოქტომბრის არჩევნები მხოლოდ თბილისის მერობის კამპანია არ არის და წარმოადგენს პირველ ნაბიჯს და განაცხადს იმ გზაზე, რასაც ერთმანეთისკენ სვლა ჰქვია.

„ჩვენ გვინდა, ამ გაერთიანებით ვაჩვენოთ საზოგადოებას, ჩვენს თავს, პოლიტიკურ ძალებს, ადამიანებს, რომ რეალურად შეიძლება პოლიტიკის კეთება განსხვავებულად. შეიძლება პოლიტიკის კეთება ერთმანეთის ლანძღვის, პიროვნული შეურაცხყოფის გარეშე და საქმეზე ორიენტირებით. ფაქტია, რომ ამის გარეშე წინ ვერ მივდივართ“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ. მისი თქმით, კრიტიკის მთავარი საგანი ყოველთვის ხელისუფლება უნდა იყოს, ოპოზიციური ფლანგი კი ერთმანეთთან კონკურენციის რეჟიმში უნდა ურთიერთობდეს.

გადაცემაში დასმული კითხვის პასუხად თამარ კეკენაძემ მოკლედ ის ძალებიც დაახასიათა, რომლებიც ასევე აცხადებენ პრეტენზიას ე.წ. მესამე ძალის სტატუსზე. კერძოდ, ესენი არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსთვის“ და ასევე პარტია „ლელო-საქართველოსთვის“.

„ნამდვილად ვერ დავაყენებ ერთ პლატფორმაზე „მესამე ძალას“ და გახარიას გუნდს. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში გახარია შეძლებს, რომ „ქართულ ოცნებას“ წაართვას ხმები და ოპოზიციისთვის ეს 43 პროცენტის კონტექსტში არის მნიშვნელოვანი. თუმცა მე მჯერა იმის, რომ ბატონი გახარია, როდესაც მას დაუდგება საკითხი, აუცილებლად იქნება კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს ჩვენი გზა არ არის, ეს „მესამე ძალის“ გზა არ არის. რაც შეეხება მეორე პოლიტიკურ სუბიექტს და ამ შემთხვევაში ჩვენს პარტნიორს „ლელოს“... ზოგადი ფრაზით შემოვიფარგლები, რომ „ლელოს“ პოლიტიკური აქტივობა ყოველთვის არ არის მკაფიო და გარკვეული. აქედან გამომდინარე, რაც განგვასხვავებს „მესამე ძალას“, არის მკაფიოობა. ჩვენ გვინდა, რომ შევცვალოთ „ქართული ოცნება“, ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ალტერნატივა იმისათვის, რომ ყოფილი ხელისუფლება არ მოვიდეს ხელისუფლებაში და ჩვენ გვინდა, რომ მორჩეს და დასრულდეს ის პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც არსებობს ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა თამარ კეკენაძემ.

გადაცემაში მან გამოხატა რწმენა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში სავარაუდო მეორე ტურების შემთხვევაში, ოპოზიცია ერთმანეთს თანადგომას და მხარდაჭერას გამოუცხადებს.

პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ პრეზენტაცია 30 აგვისტოს გაიმართა. მასში გაერთიანდნენ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“. გაერთიანებას ინდივიდუალურად შეუერთდნენ ცალკეული პოლიტიკური პირები, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ცესკოს თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას 48 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები მიიღებენ. უშუალოდ თბილისის მერობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს. ესენი არიან: ქართული ოცნება - კახა კალაძე; ენმ, ევროპული საქართველო, დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება - ნიკა მელია;​ საქართველოსთვის - გიორგი გახარია;​ ლელო - ანა ბიბილაშვილი;​ ხალხისთვის - ანა დოლიძე; ​პატრიოტთა ალიანსი - გიორგი ლომია; ​ლეიბორისტული პარტია - მიხეილ ქუმსიშვილი და ​მესამე ძალა - თამარ კეკენაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG