Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოსელიანი: კვაზიდემოკრატიული მოდელები, რომლებიც ხელოვნურად იქმნება და კონსტიტუციაში შედის, არ იძლევა შედეგს


ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ ნეიტრალური დაბალანსებული გენერალური პროკურორის მიიღების ერთადერთი შესაძლებლობა დაბალანსებული პოლიტიკური სისტემაა. მისი თქმით, კვაზიდემოკრატიული მოდელები, რომლებიც ხელოვნურად იქმნება და კონსტიტუციაში შედის, შედეგს არ იძლევა.

„მოდით შეგახსენებთ ერთ ჩანაწერს კონსტიტუციაში, რომელიც ასევე მოწონებულ იქნა ვენეციის კომისიის მხრიდან მათ შორის. მაგრამ ის არ აღმოჩნდა შედეგზე ორიენტირებული. მაგალითად, საპროკურორო საბჭოს შესახებ ჩანაწერი, რომელიც შევიდა კონსტიტუციაში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა, რომლის თქმითაც, ხელოვნურად კონსტიტუციაში „შეჭრა“ კონტრპროდუქტიულია და მეტ საფრთხეს შეიცავს. მისი შეფასებით, შარლ მიშელის დოკუმენტი კარგი დოკუმენტია, თუმცა მასში არის პრობლემური პუნქტები, რომლებიც თავიდანვე განწირული იყო იმისთვის, რომ არ იმუშავებდა:

„თუ ჩვენ გვინდა, რომ შედგეს კონსენსუსი, მაგრამ ვხედავთ, რომ არ არის მმართველი პარტიის მხრიდან ნება, რომ ამ კონსენსუსის მონაწილე იყოს აქტიური, ამავე დროს, გვაქვს ეგრეთ წოდებული დედლოქის მექანიზმი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ მათ საბოლოო ჯამში თავის მიზანს მიაღწიონ, ეს ყველაფერი იღებს ფორმალურ მნიშვნელობას“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ ფორმალური პროცედურის გავლა მარტო იმიტომ, რომ 1 წლით არჩეული პროკურორი მიგვეღო, საჭირო არ იყო:

„მე არ მინდა მივიღოთ ერთი წლით არჩეული გენერალური პროკურორი, რომელიც კიდევ უფრო მორჩილი იქნება, რომელიც ერთი წლის მანძილზე შეეცდება დაუმტკიცოს მმართველ პარტიას თავისი ერთგულება და ამ ერთგულების ხარჯზე გაიხანგრძლივოს კიდევ ერთი წლით თავისი ყოფა. ეს იქნება ბევრად უფრო უარესი ვარიანტი, ვიდრე გვაქვს დღეს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა „დილის საუბრებში“. იგი, თავის გუნდთან ერთად, ოპოზიციიდან პრაქტიკულად ერთადერთი იყო, რომელიც იზიარებდა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან იმ ჩანაწერის ამოღების შესახებ, რომელიც გენერალური პროკურატურის არჩევის წესს არეგულირებდა, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს, გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე, 126 ხმით 0-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკონსტიტუტუციო ცვლილებების პროექტს.

ამ კანონპროექტის მიხედვით:

მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;

• მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები;

საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი უნდა ყოფილიყო ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება. ეს პუნქტი კენჭისყრაზე აღარ დამდგარა. ამ პუნქტის თანახმად,

• მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული ნორმის გარეშე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იყო. ამავე პროექტის ავტორების, მმართველი პარტიის წევრების შეფასებით, პროკურორის არჩევის წესი „სამართლებრივი სიმახინჯე“ იყო.

პარტიის თავმჯდომარის, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ ცვლილების ინიცირებას დათანხმდა, რადგან ეს ეწერა ოპოზიციასთან 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში, რომელიც უკვე ანულირებულია.

„ეს არის იურიდიულად დამახინჯებული რეგულაცია და სრული აბსურდი, რომელიც არავითარ არც დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს ოპოზიციას და არც არაფერი... ერთადერთი მიზეზი, რატომაც ითქვა უარი ამ ნორმაზე, არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სიმახინჯე. მას არ აქვს არანაირი ანალოგი და პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში... სიმახინჯეები არ იწერება ქვეყნის მთავარ კანონში, კონსტიტუციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილის პირველი მოსმენით მიღებას აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG