Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ავღანეთიდან გამგზავრების საშუალება მისცეს ორასამდე უცხოელს


ქაბულის აეროპორტიდან შესრულდა ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდეგ პირველი სამოქალაქო, ჩარტერული რეისი, რომლითაც ავღანეთი დატოვა კიდევ 200-მდე უცხოელმა. „კატარის ავიახაზების“ თვითმფრინავმა გვიან ღამით, ქაბულიდან დოჰაში ჩაიყვანა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის და ნიდერლანდის მოქალაქეები. დღეს ქაბულის აეროპორტიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდება.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის, ემილი ჰორნის განცხადებით, ევაკუაციის საკითხში თალიბებმა მოქნილობა გამოიჩინეს და ამერიკულ მხარესთან კონტაქტისას საქმიანად და პროფესიონალურად მოქმედებდნენ.

კატარი, რომელმაც ჩარტერული რეისი უზრუნველყო, ბოლო წლებში შუამავლის როლს ასრულებდა რადიკალურ მოძრაობა თალიბანსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის. თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა საელჩოები ქაბულიდან კატარის დედაქალაქ დოჰაში გადაიტანა. კატარის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქაბულის აეროპორტის მუშაობის განახლებაზე თურქეთთან ერთად მუშაობენ.

მსოფლიოს სახელმწიფოებმა ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების და თალიბანის რეჟიმს გაქცეული ავღანელების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც 15 აგვისტოს, რადიკალურმა დაჯგუფებამ დაიბრუნა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთიდან გაიყვანეს დაახლოებით 124 000 ადამიანი. ევაკუაციის პროცესს აგვისტოს ბოლომდე ხელმძღვანელობდნენ ამერიკელი სამხედროები.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო. "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა. მათ შორის იყო საქართველო, რომელმაც ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG