Accessibility links

site logo site logo

„მენეჯერის ოთახიდან, ფანჯრიდანვე გადმოვხტი“ - ყოფილი მძევლები „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმას იხსენებენ


გუშინდელი თავდასხმის შემდეგ მუშაობა არ გაუახლებია „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალს. ბანკის კარი დაკეტილია. ადგილზე არ იმყოფებიან არც თანამშრომლები და სამართალდამცავები.

რადიო თავისუფლება ესაუბრა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ თანამშრომელს.

ხათუნა მათიკაშვილი მენეჯერის კაბინეტში იყო, როდესაც ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

„მენეჯერის ოთახიდან, ფანჯრიდანვე გადმოვხტი. მანამდე ერთ-ერთი თანამშრომელი შემოვიდა და იყვირა, რომ ძარცვააო. კიდევ კარგი, იმ კაბინეტის ფანჯარას გისოსები არ ჰქონდა. სულ სამმა მოვასწარით გადმოხტომა. ძალიან დიდ სტრესში ვართ ახლაც“, - უყვება ხათუნა მათიკაშვილი რადიო თავისუფლებას.

„საქართველოს ბანკის“ კიდევ ერთი თანამშრომელი, მოლარე-ოპერატორი ლია სტეფანიშვილი, ამბობს, რომ „ბანკზე თავდამსხმელს ჰქონდა ხელყუმბარა და მოითხოვდა 1 მილიონ ლარს და ნახევარ მილიონ დოლარს“. მისი თქმით, სხვა შეიარაღება თავდამსხელს არ ჰქონია.

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული 49 წლის შალვა მელიქიშვილია. ის ქალაქ თელავში ცხოვრობს და წლების განმავლობაში მუშაობდა მზარეულად.

მისი დამსაქმებლის, შოთა დემინაშვილის ინფორმაცით, დაკავებული ბოლო დროს ალკოჰოლდამოკიდებული იყო და არაადეკვატურად იქცეოდა.

შალვა მელიქიშვილი 9 სექტემბერს, სამართალმცველებმა 4-საათიანი სპეცოპერაციის დროს განაიარაღეს და დააკავეს. გამოძიების ვერსიით, შეიარაღებულმა შალვა მელიქიშვილმა, დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში 13 პირი მძევლად აიყვანა. მელიქიშვილი ამ დროისთვის თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG