Accessibility links

site logo site logo

ყვარელში, ბანკის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა


თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორი

"საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ შალვა მელიქიშვილს სახელმწიფო ბრალდებამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. დაკავებულს ედავებიან ტერორისტული აქტის ორგანიზებას, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.

დაკავებულის ადვოკატმა ლეილა გარსევანიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა. ადვოკატის თანახმად, ბრალდებულმა მომხდარის მოტივად დაასახელა დიდი რაოდენობით საბანკო ვალდებულება.

„საცხოვრებელი სახლი იპოთეკით ჰქონდა დატვირთული. მისი საბანკო ვალდებულება 52 ათას ლარს შეადგენს, რომლის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. ბანკში შეიჭრა და ფული მოითხოვა სწორედ არსებული დავალიანების მიზეზით. ჯერ დოლარი მოითხოვა და საჭიროდ ჩათვალა, რომ ლარიც მოეთხოვა“, - თქვა ადვოკატმა.

შალვა მელიქიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრაზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ, 12 სექტემბერს იმსჯელებს.

"საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული 49 წლის შალვა მელიქიშვილია. ის ქალაქ თელავში ცხოვრობს და წლების განმავლობაში მუშაობდა უფროს მზარეულად.

მისი დამსაქმებლის, შოთა დემინაშვილის ინფორმაციით, დაკავებული ბოლო დროს ალკოჰოლდამოკიდებული იყო და არაადეკვატურად იქცეოდა.

შალვა მელიქიშვილი 9 სექტემბერს, სამართალდამცველებმა 4 საათიანი სპეცოპერაციის დროს განაიარაღეს და დააკავეს. გამოძიების ვერსიით, შეიარაღებულმა შალვა მელიქიშვილმა, დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში 13 პირი მძევლად აიყვანა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG